„ადგილობრივი ღვინო, საბაგირო და ღამის ცხოვრება- თბილისი ევროპის მეორე ბერლინი ხდება“,-გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Times საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს, გამოცემის ჟურნალისტმა კრის შალკმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა და The Times-ის მკითხველს დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.
„საბჭოთა ეპოქის საწყობებსა და საუკუნის წინ აშენებულ სახლებში თანამედროვე ბუტიკური სასტუმროები და ბარებია მოწყობილი, სადაც ნატურალურ ღვინოს დალევთ. თბილისს უკვე აქვს მეორე ბერლინის რეპუტაცია, ქალაქი ცნობილია ღამის კლუბებითა და ბარებით, მაგრამ თბილისი უფრო მეტია ვიდრე ჰიპსტერული სტილი. აბრეშუმის გზაზე მდებარე ქალაქი მონღოლი ხანების, სპარსელი შაჰებისა და რუსი მმართველების ხელიდან ხელში გადადიოდა. თითოეულმა მათგანმა თავისი კვალი დაამჩნია ქალაქის კალეიდოსკოპურ არქიტექტურასა და კულტურულ ისტორიას. აქ შეხვდებით შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეებს, საბჭოთა ნაგებობებს, გზისპირა სასტუმროებს. აქაური ურბანული ცხოვრების შესწავლის შემდეგ გელოდებათ საქართველოს თოვლით დაფარული მთები, დროში გაჩერებული სოფლები და ეს ყველაფერი მატარებლით ან მანქანით ძალიან ახლო მანძილზეა“,-წერს The Times-ის ჟურნალისტი.
სტატიაში აღწერილია ძველი თბილისი, ეკლესიები, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ღვინის მუზეუმი, ღვინის ბარები, მშრალი ხიდის ბაზრობა, კვების ობიექტები და სასტუმროები. კრის შალკი მკითხველს თბილისის ცენტრში ფეხით მოგზაურობას ურჩევს, სხვადასხვა უბნებში კი მეტროსა და ავტობუსის გამოყენებას სთავაზობს.
https://www.thetimes.co.uk/article/europes-most-vibrant-capital-which-isnt-where-youd-expect-t92q9skqg
avianews.ge