ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"თბილისი მოსკოვის, პარიზის და ვენის ალტერნატივა გახდა" - თამაზ გაიაშვილის დაფუძნებულმა Armenia-მ ევროპაში პირდაპირი ფრენები დაიწყო
29 მაისი, 2017

„ჯორჯიან ეარვეისის" (Airzena-ს) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თამაზ გაიაშვილის მიერ სომხეთში დაფუძნებული ავიაკომპანია Armenia-მ ევროპის, რუსეთის და ისრაელის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. როგორც სომხური მედია წერს, ივნისიდან კომპანია ბარსელონასა და პრაღის რეისებს დაამატებს. 
ლონდონის მიმართულებით კი Armenia უკვე 20 მაისიდან დაფრინავს.

„თბილისი დღეს მოსკოვის, პარიზის და ვენის ალტერნატივა გახდა", განაცხადა Armenia-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ გევორქ ხაჩატრიანმა.

მისი თქმით, აქამდე თუ ადამიანი ერევნიდან ლონდონში მიფრინავდა მოსკოვის, ვენის ან პარიზის გავლით, დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთვის 22 საათი სჭირდებოდა. თბილისის გავლით კი ეს დროს თითქმის სამჯერ შემცირდა. გევორქიანის თქმით, დროის შემცირება განპირობებულია იმით, რომ თბილისში ლაინერი მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში ჩერდება. შესვენების შემდეგ კი კურსს ლონდონისკენ იღებს. Armenia ლონდონის მიმართულების კვირაში ორჯერ - პარასკევს და შაბათს დაფრინავს.

გარდა ლონდონისა, Armenia 12 ივნისიდან ბარსელონას, 13 ივნისიდან კი პრაღის მიმართულებით იფრენს. 

სომხური მედიის ინფორმაციით, Armenia-ს ერთ–ერთი დამფუძნებელი Airzena-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თამაზ გაიაშვილია. ის კომპანიის აქციების 25%–ს ფლობს. 51%–ის მფლობელი აშოტ ტოროსიანია. თამაზ გაიაშვილის ყოფილი მოადგილე რობერტ ოგანესიანი კი Armenia-ში აქციების 24%–ს ფლობს. 

ავიაკომპანია Armenia 2016 წლის ბოლოს დაფუძნდა. დღეისათვის კომპანიის მფლობელობაში არის 2 ბოინგი. ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს ახორციელებს ბეირუთში, მინვოდი, ვორონეჟში, თელავივში, ლონდონში.  

„კომერსანტი" ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისში წერდა, რომ Airzena-ს დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი და გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე რობერტ ოგანესიანი სომხეთში ახალ ავიაკომპანია Armenia  ქმნიდნენ. მაშინ სომხეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველოს პრეს-მდივანმა რუბენ გრძელიანმა „კომერსანტს" დაუდასტურა ინფორმაცია სომხეთში ახალი ავიაკომპანია „არმენიას" შექმნის შესახებ, თუმცა მის დამფუძნებლებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„გიდასტურებთ, რომ მიმდინარეობს ახალი ავიაკომპანია Armenia ჩამოყალიბების პროცესი. თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია და ოფიციალურ ინფორმაციას თებერვალში, გაზაფხულამდე გავავრცელებთ," - განაცხადა გრძელიანმა.

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.