ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისი WinExpo Georgia-2018-ს მასპინძლობს
15 ივნისი, 2018

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia-2018 გაიხსნა.
„გამოფენა დიდ შესაძლებლობას აძლევს ქართული ღვინით დაინტერესებულ მოხმარებელს საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების დასაგემოვნებლად. ამასთან, მეწარმეებისთვის WinExpo არის შესანიშნავი შესაძლებლობა გაეცნონ საქართველოსა და მთელი მსოფლიოს ღვინის სექტორის განვითარების ტენდენციებსა და სიახლეებს, იმ ისტორიულ-ტრადიციულ ღირებულებებს, რომელიც ქართულ ღვინოს გააჩნია“ - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა განაცხადა, რომ სასმინისტროს იქნება ყველა იმ ღონისძიების მხარდამჭერი, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. „გამოფენა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის. კონკურსის ჟიურის წევრები არიან მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები, სპეციალისტები და ღვინის ჟურნალისტები. მათი შეფასებები და აღიარება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

გამოფენა 16 ივნისის ჩათვლით გრძელდება და მასში 12 ქვეყნის 150-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ავსტრია, აშშ, გერმანია, უნგრეთი, უკრაინა, სომხეთი და რუსეთი.
WinExpo Georgia რეგიონში სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე და მათი წარმოებისთვის საჭირო მასალებსა და მომსახურეობებზე. 

გამოფენის ფარგლებში ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა. საერთაშორისო ჟიურის წევრებმა „ტროფის“, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი ღვინოები რამდენიმე კატეგოორიაში გამოავლინეს. კონკურსზე 60 კომპანიის 250-მდე ნიმუში იყო წარდგენილი. ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი დიდი ბრიტანეთიდან ტიმ ატკინი გახლავთ. გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოება გამოფენის გახსნის დღეს - 14 ივნისს გალა ვახშამზე გაიმართება.
გამოფენა ტრადიციულად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. 

გამოფენის ფარგლებში იმართება ასევე თემატური ღონისძიებები: „ღვინის მომავალი“ - უძღვება ტიმ ატკინი, 10 საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე; ჩინეთის ბაზარზე შეღწევის გზები - ფუნიე ვოლკერი, ღვინის მე - 10 საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი; ქართული ღვინის გზამკვლევი 2018 - ღვინის მწერალი მალხაზ ხარბედია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.