ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში დაწურული ღვინო ქართველ მეღვინეს თორნიკე ჩუბინიძეს 4 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე. „მარანი ჩუბინიმ“ 2017 წელს ექსპორტზე 40 ათასამდე ბოთლი ღვინო იაპონიაში, ჩინეთში, საფრანგეთში და აშშ-ში გააგზავნა.
მეღვინე ღვინის ტურიზმსაც ავითარებს და როგორც მეღვინე ამბობს, მარანმა 15-მდე ქვეყნის ქართული ღვინის კულტურით დაინტერესებულ ტურისტს უმასპინძლა.
„ამერიკაში ჩვენი ღვინის ექსპორტის პირველი პარტია რამდენიმე დღის წინ გავგზავნეთ. ამერიკელ იმპორტიორებთან კონტაქტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი დეგუსტაციის შემდეგ დავამყარეთ. მარანში სხვადასხვა მოცულობის 28 ქვევრი გვაქვს. ყურძენს მევენახეებისგან ვყიდულობთ, თუმცა, სამომავლოდ, აუცილებლად შევიძენ საკუთარ ვენახს და წარმოებასაც გავაფართოებ“, - აღნიშნავს თორნიკე ჩუბინიძემ.
ახალგაზრდა მეღვინე, თორნიკე ჩუბინიძე ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თბილისიდან საცხოვრებლად 2016 წელს გადავიდა. იმავე წელს, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის მხარდაჭერით, ღვინის მარანი ააშენა და პირველი მოსავალი დაწურა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მარანში სტუმრობისას აღნიშნა, თორნიკე ჩუბინიძემ, საკუთარი მიზანდასახულობით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, მოკლე დროში მიაღწია წარმატებას, აწარმოებს ღვინოს, ახორციელებს ექსპორტს, გეგმავს წარმოების გაზრდას და მეღვინეობის დარგის მნიშვნელოვან მიმართულებას - ღვინის ტურიზმს ანვითარებს.
www.travelingeorgia.ge