ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. მან დღეს ადგილზე დაათვალიერა უკვე განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები, ასევე კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა ინფორმაცია აეროპორტის სივრცეში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მინისტრის მოადგილესთან ერთად თბილისის აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.
„მნიშვნელოვანი სამუშაოები დასრულდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - მოხდა გაფრენის ტერმინალის რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც სასაზღვრო, ისევე როგორც უსაფრთხოების გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა 44%-ით გაიზარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მთავარი აეროპორტისთვის, რადგან მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ გაიზრდება მგზავრთნაკადი, ისევე, როგორც პირდაპირი საჰაერო რეისების რაოდენობა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც ესკალატორებთან მდებარე ღიობების ნაწილობრივ ამოვსებას გულისხმობდა, გაჩნდა დამატებით 220 კვ.მ სივრცე. შესაბამისად, გაიზარდა საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა და გაფართოვდა საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონა. ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მგზავრთნაკადის გამტარობას.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 200 000 ლარია, ეს მოიცავს როგორც უკვე განხორციელებულ სამუშაოებს, ასევე ამ ეტაპზე მიმდინარე ბიზნესლაუნჯის გაფართოება/კეთილმოწყობისა და ასევე „სწრაფი დერეფნის“, ე.წ Fast Track-ის პროექტებს, რომელიც სპეციალური საჭიროებებისა და ბიზნესკლასის მგზავრებს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად გაიარონ უსაფრთხოებისა და საზღვრის გამშვები პუნქტები.
„რა თქმა უნდა, ჩვენ, ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვზრუნავთ იმაზე, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუდმივად განვითარდეს, იყოს კიდევ უფრო მეტად მოქნილი, იყოს ნაკლები რიგები, იმისთვის, რომ აეროპორტში უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის მიწოდება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
bp.ge