თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი „ტავ ჯორჯია” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანიასთან – Fujin Silk Properties-თან, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობას იწყებს. ეს იქნება აეროპორტთან ინტეგრირებული 120 ნომრიანი სასტუმრო. პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
რაც შეეხება თავად ტერმინალს, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის, თეა ზაქარაძის განცხადებით, ივნისის ბოლოსთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ორი ახალი ობიექტი გაიხსნება. ერთი არის Green Port , Capadocia -ს მაგივრად, რომელიც გაფრენის დარბაზში განთავსდება, არასტერილურ ზონაში, ხოლო მეორე ობიექტი, Illy – გაფრენის დარბაზის, სტერილურ ზონაში განთავსდება. ასევე ივნისის ბოლოსთვის დასრულდება თვითმფრინავების ექვსი ახალი სადგომის მშენებლობაც. სამშენებლო სამუშაოები 26 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასევე დამონტაჟდება განათების ახალი სისტემებიც. აღნიშნული 6 ახალი სადგომი C კოდის საჰერო ხომალდებისთვის იქნება გათვლილი. ხოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამში საჰაერო ხომალდის 63 სადგომი იქნება. პროექტში, “ტავ ჯორჯიამ” 8 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო.
2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ჯამში, “ტავ ჯორჯია” თბილისში 25 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. აქედან ნაწილი მშენებლობის პროცესშია, ნაწილი კი დასრულებული, მათ შორისაა ავტოსადგომიც, რომელიც აქამდე ათას მანქანაზე იყო გათვლილი, წელს კი დამატებით კიდევ ასი მანქანის სადგომი დაემატა. განახლება და განვითარება კი, ცხადია შეეხო, VIP დარბაზსაც და ფართოვდება, როგორ მოფრენის ასევე გაფრენის ტერიტორია.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, აქ ოქტომბრიდან იგეგმება არსებული ტერმინალის გაფართოვება და შესაბამისად გამტარუნარიანობა მილიონ სამასი ათას მგზავრამდე გაიზრდება. დღევანდელი მდგომარეობით, სეზონური სარემონტო სამუშაოები ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე უკვე დასრულებულია და მზად არის, რომ სადგომები შეფერხების გარეშე მოემსახუროს მგზავრთნაკადს. რისკებისა და შეფერხების თავიდან ასაცილებლად და ასევე სერვისის გაუმჯობესების მიზნით, იზრდება პერსონალის რაოდენობაც.
ბოლო 3 წელიწადში თბილისის აეროპორტში 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, სამიმოსვლო ბილიკებსა და ახალ ტერმინალებზე დაიხარჯა.“ტავ-ჯორჯიას“ ხელმძღვანელის თეა ზაქარაძის თქმით, დღეს თბილისის აეროპორტში დღე/ღამეში 150-მდე რეისი სრულდება, ეს მაჩვენებელი კი 2005 წელს 5-7 რეისს შეადგენდა.