ერეკლე ლოლაძე ერთ-ერთია იმ ქართველი ახალგაზრდა მეწარმეებიდან, ვინც საკუთარი ცხოვრება ღვინოს მიუძღვნა. მისი მეღვინეობის ისტორია კი საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო, - ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როდესაც საოჯახო ბიზნესი, არც მეტი არც ნაკლები ავტოფარეხში დაიწყო. სწორედ ავტოფარეხში დაიწურა მისი პირველი ღვინო. დეტალურად „საქმის კურსი“ „ლოლაძეების საოჯახო მარნის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ერეკლე ლოლაძეს ესაუბრა.
„ლოლაძეების საოჯახო მეურნეობა“ - როდის გაგიჩნდათ ამ ბიზნესის იდეა?
2012 წლის შემოდგომაზე, 16 წლის ასაკში, გადავწყვიტე, თბილისში, ოჯახის ავტოფარეხში დამეწურა რამდენიმე ჯიშის ყურძენი. ეს იყო ღვინის დაყენების ჩემი პირველი დამოუკიდებელი მცდელობა. თუმცა თავიდან ბოთლის ღვინის ჩამოსხმა და რეალიზაცია არ იყო დაგეგმილი. პირველად ჩემი დაწურული ღვინის მიმართ ინტერესი ღვინის ფესტივალზე გამოითქვა, სადაც საოჯახო მარნების სტატუსით ვიღებდით მონაწილეობას. სარეალიზაციო მაღაზიებიდან დაინტერესებამ მოლოდინებს გადააჭარბა, თავიდან სამი სახეობის ღვინო ჩამოვასხით, საფერავი 100 ბოთლიანი ჩამოსხმა გვქონდა, რომელიც ერთ კვირაში სრულად გაიყიდა. მაშინ მივხვდით რომ ამ საქმეს უფრო სერიოზულად უნდა მოვკიდებოდით.
თავდაპირველადრა მოცულობის ინვესტიციის ჩადება მოგიხდათ ამ ბიზნესის დასაწყებად და დასაკუთარი ვენახები თუ გაქვთ?
თავდაპირველად ეს ბიზნესი ბიძასთან ერთად 4 ათასი ლარით დავიწყე და ამჟამად3 სახის ღვინოს ვაწარმოებთ. ხოლო შემოდგომიდან 5-6 სახეობის ღვინით ვიქნებით წარმოგენილნი. რაც შეეხება ვენახებს, ჯერჯერობით არ გაგვაჩნია საკუთარი ვენახები, ამ დროისთვის გვაქვს მხოლოდ ცარიელი მიწის რესურსი სოფელ კარდანახში, წარაფის მიკროზონაში, სადაც 2017-2018 წლისთვის ვგეგმავთ ვენახების გაშენებას . ამჟამად განსაკუთრებულ მიკროზონებში სოფელ მუკუზანში, მანავში, კარდენახსა და ხაშმში ვთანამშრომლობთ მევენახეებთან და მაქსიმალურად ვცდილობთ ვეგეტაციის პერიოდში,ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით, ჩაუტარდეს ვაზს შესაბამისი ოპერაციები. ამჟამად დაახლოებით 10 ათას ბოთლს ვაწარმოებთ, მაგრამ ახალი მარნის დასრულების შემდეგ წარმადობაც გაიზრდება.
რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
როგორც ყველა საქმიანობაში, მეღვინეობაშიც მრავალმხრივი სირთულეები არსებობს. მიუხედავად პრაქტიკული გამოცდილებისა, ბევრჯერ დავდექი თეორიული ცოდნის საჭიროების წინაშე, ამიტომაც გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა მეღვინეობის მიმართულებით და დღეს ვარ აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტი. მინდა აღვნიშნო, რომ აქ სწავლა არის საუკეთესო შესაძლებლობა, მიიღო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სრულყოფილი განათლება.ჩვენს სფეროში პრობლემებია რეალიზაციის მხრივ. ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია ხდება კონსიგნაციებით. ანუ შეგვაქვს ბაზარზე ღვინო და გადახდა ორი -სამი თვის მერეხდება, ეს კი აფერხებს ბიზნესის განვითარებას, რადგან ხარისხიანი ღვინის წაროებას სჭირდება ხაისხიანი ინვენტარი, რაც საკმაოდ ძვირია, დაწყებული რეზერვუარებიდან, ეს იქნება პრესი, ყურძნის გადამამუშავებელი დანადგარი, ჩამომსხმელი დანადგარი. საბანკო სისტემით დღესაც ვსარგებლობთ, მაგრამ გამართული საბანკო სისტემა არაა ჩვენთან, რომ თამამად უცებ დიდი ინვესტიცია განახორციელო. ეს არის სწორედ ერთ-ერთი სხვაობა ევროპულ და ქართულ ბაზარს შორის. ევროპაში ღვინის ხარისხი ბევრად მაღალია, რადგან თანამედროვე აღჭურვილობა აქვთ და იქ არც რეალიზაციის პრობლემაა.
თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?
პირველი რასაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ, ეს არის მარნის სრულყოფა. ეს არ იქნება მარტო საწარმოო ზონა, გვინდა ტურისტებსაც ვუმასპინძლოთ და ჩვენი ღვინის დეგუსტაციის საშუალება ჰქონდეთ. რაც შეეხება ღვინის ექსპორტზე გატანას, თითქმის ყოველ წელიწადს იყო სხვადასხვა ქვეყნიდან შემოთავაზება, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან, ბელორუსიიდან. თუმცა ჩვენი წარმოებული ღვინო რაოდენობრივად ადგილობრივ ბაზარსაც არ ყოფნიდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ადგილობრივ ბაზარზე ჯერ მყარად მოგვეკიდებინა ფეხი და შემდეგ გვეფიქრა ექსპორტზე.
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
საქართველოში ყოველწლიურად დგას ყურძნის რეალიზაციის პრობლემა, მევენახეების უმრავლესობა ვერ ახერხებს მოწეული მოსავლის რეალიზაციას.ჩემი აზრით, ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია გაიზარდოს საოჯახო მარნის კულტურა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მევენახეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია, აწარმოოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია.
აგრეთვეტრადიციაცოტა პროგრესულ ხასიათს უნდა ატარებდეს, მას განვითარების საშუალება მივცეთ, თორემ ყველაფერი ერთფეროვნებაში გადავა. ბაზარი მუდმივად სიახლეებს ითხოვს. სხვა შემთხვევაში ქართული ღვინო არ იქნება საინტერესო სხვა ქვეყნის ღვინის მოყვარულებისათვის.
www.bm.ge