თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკი დამთვალიერებელს უკვე იღებს. ამის შესახებ „კომერსანტთან" საუბარისას „ზოოპარკის" დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს. მისი თქმით, უკვე გახსნილია 1 ვოლიერი(დათვების და მგლების) თუმცა, იქ არანაირი ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის.
გურიელიძის განმარტებით, წლის ბოლოდე კიდევ 4 ვოლიერის დასრულება იგეგმება. მათ შორის იქნება ფოცხვერისთვის,მტაცებელი ფრინველებისთვის, ირმებისთვის და ნიამორებისთვის.
მისი თქმით, ვოლიერების მშენებლობისთვის თანხა, დაახლოებით 100 000 ევროს ოდენობით, ზოოპარკს გრანტის სახით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (GIZ)გამოეყო, დანარჩენი თანხების მოსაზიდად კი მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციასთან გრძელდება. ვოლიერების მშენებლობის ნაწილში საკუთარი ფინანსების წილიცაა.
როგორც გურიელიძე აცხადებს, ახალი ზოოპარკი სრულად უახლოეს პერიოდში ვერ დასრულდება, რადგან ამ პროექტის ბიუჯეტი საკმაოდ დიდია და მისი დროულად დასრულება დაფინანსების მიღებაზეა დამოკიდებული.
„არ ვაპირებთ ასეთ მცირე დაფინანსებაზე გაჩერებას, საერთშორისო ორგანიზაციებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ამ საკითხში თბილისის მერიაც გვეხმარება. ვნახოთ, რა იქნება"-აცხადებს გურიელიძე.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის თბილისის ახალ ზოოპარკში შესვლა უფასოა. „რადგანაც ამ დროისთვის ვიზიტორებს ვერანაირ ინფრასტრუქტურას ვერ ვთავაზობთ,შესაბამისად, შესვლაც უფასოა"-აცხადებს გურლიელიძე.
ზოოპარკის დირექტორი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში კომუნიკაციების გამართვის სამუშაოები დაიწყება. თუმცა, ესეც დაფინანსების მიღებაზეა დამოკიდებული. მისი განცხადებით, თუ გარე წყაროებიდან ფინანსები ვერ იქნა მოზიდული, ამის დაწყება საკუთარი ბიუჯეტიდან მოხდება.
კითხვაზე, როდის დასრულდება სრულად ახალი ზოოპარკის მშენებლობა-მოწყობა, ამაზე პასუხი გურიელიძეს არ აქვს, თუმცა, განმარტავს, რომ ფინანსების სრულად მობილიზების შემთხვევაში ზოოპარკის მშენებლობის დასრულება 3 წელშია შესაძლებელი.
შეგახსენებთ, ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 48 ჰექტარ ფართობზე იქნება. მიმდინარე წელს ახალი ზოოპარკის სამშენებლო სამუშაოებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 345 000 ლარამდეა გამოყოფილი. ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ ჯამში ზოოპარკის გასამართად დაახლოებით 40 მილიონი ლარია საჭირო.
გარდა ამისა, თბილისის ზოოპარკი მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი იქნება. ყველაზე დიდი ზოოპარკი 287 ჰექტარ ფართობზე ტორონტოშია, შემდეგ მოდის 107 ჰექტარით ნიუ–იორკის ზოოპარკი. ევროპაში კი ყველაზე დიდი ზოოპარკი გერმანიას აქვს - ბერლინის ზოოპარკი 34 ჰექტარზეა განთავსებული.
ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge