თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე WORLD SPA 2026 წელს ამოქმედდება. კონცეფციაში გათვალისწინებული იქნება ყველა ძირითადი სერვისი, რაც მსოფლიო ბაზრებზეა მოთხოვნადი. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კურორტის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ყვავილაშვილი აცხადებს, WORLD SPA -ს მშენებლობა თბილისის ბალნეოლოგიურის გაფართოების პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მაღალი კლასის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.
,,WORLD SPA ანუ მსოფლიო სპა მსოფლიოში არსებულ აბსოლუტურად ყველა სახის სპა-მომსახურეობას გააერთიანებს. პროექტი ითვალისწინებს გლობალურ ბაზრებზე ყველა ძირითად მოთხოვნაა, როგორიცაა თურქული, უკრაინული, რუსული და ევროპული სხვადასხვა მიმართულების აბაზანები. გვექნება 20 სახეობის საუნა და აბსოლუტურად ყველა სახეობის მასაჟი. პროექტი დაწყებულია და WORLD SPA-ს მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება“, - აცხადებს სალომე ყვავილაშვილი.
მისივე ინფორმაციით, თბილისის ძველი ბალნეოლოგიურის ტერიტორიაზე ამ ეტაპზეც მოქმედებს სპა ცენტრი, რომელიც 5 წლის წინ გაიხსნა.
გარდა ამისა, აქ ხელმისაწვდომია მინერალური/გოგირდოვანი წყლის აბაზანები, წყალქვეშა და მშრალი გაჭიმვები, შარკოს შხაპი, წყალქვეშა მასაჟი მინერალური გოგირდოვანი წყლით, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო მასაჟები, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახის სხვადასხვა პროცედურები, ბალნეო პროცედურები, სპა ველნეს პროცედურები: აკვა აერობიკა, იოგა - ფიტნესი, ლაზერული ეპილაცია, კოსმეტოლოგია და ა.შ.
თბილისის ბალნეოლოგიური WORLD SPA-ს გახსნამდე, საკუთარ კადრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაამზადებს.
მისივე განცხადებით, კურორტის ტერიტორიაზე ასევე იგეგმება ახალი სასტუმროს მშენებლობა, რომლის ნაწილიც იქნება WORLD SPA. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონი ლარია.
შეგახსენებთ, სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კუროტის 75%–ს შპს „მეიდანზე“ ფლობს, 25%–ს კი კომპანია „მეიდანი”.
bp.ge