თბილისის მეტროს შემადგენლობა დაემატება და მოცდის ხანგრძლივობა შემცირდება.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები პიკის საათებში სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ. დროის შუალედის შემცირება კი, მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
„პრობლემა იყო ის, რომ პიკის საათებში მოქალაქეებს 5-6 წუთი ლოდინი უწევდათ, რაც სერიოზულ დისკომფორტსა და პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მეტროს ვაგონების მთლიან განახლებას, მეტროს სამი ოთხვაგონიანი ახალი შემადგენლობა დაემატება, რომელიც „ახმეტელის თეატრი“ - „ვარკეთილის“ ხაზზე იმოძრავებს და ერთი სამვაგონიანი შემადგენლობა საბურთალოს ხაზზე. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პიკის საათებში, როდესაც ყველაზე ბევრი მგზავრი გადაადგილდება, მოცდის ინტერვალი სამ წუთამდე შევამციროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
www.travelingeorgia.ge