ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა
04 ივლისი, 2018

ხანგრძლივი დისკუსიისა და განხილვებისა შემდეგ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი მზად არის შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად. „დოკუმენტის უმთავრესი ხაზი - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია თავიდანვე დადებითად იყო შეფასებული დედაქალაქის მერიის მხრიდან და შესაბამისად, ცხადია, სრულად იქნა გაზიარებული.

ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე, საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არაერთ სხვა თემაზე, რომელიც წერილობითი სახით იყო წარდგენილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, ერთობლივი მუშაობით ყველა ხარვეზი მაქსიმალურად გათვალისწინებული და აღმოფხვრილია.

„დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები; დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით; უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. იქ მოცემულია, რომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებების მიღება.

ეს არეალებია ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა“, - განაცხადა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა (მაგალითად: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ.). ასევე, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, ამ მიმართულებითაც გვქონდა ჩვენ შენიშვნები და გათვალისწინებული იქნა.

გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება. მერი ამბობს, რომ ამ დოკუმენტში არის პასუხი, ჩვენი ქალაქის პრაქტიკულად ყველა ძირითად გამოწვევაზე.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.