თბილისის საერთაშორისო აეროპორტის Lost & Found-ში მოხვედრილი ნივთები აუქციონზე არ იყიდება – TAV Georgia
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც თითქოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის Lost & Found-ში მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ყალბი გვერდის მეშვეობით ვრცელდება, თითქოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში (Lost & Found) მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია” სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს სრულ სიყალბეს, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
კომპანიამ დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და ყალბი გვერდების დასაბლოკად სათანადო რეაგირება უკვე მოახდინა“, – აცხადებენ TAV Georgia-ში.
avianews.ge