თბილისის საფესტივალო გადაქცევის მიზნით, მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარია გამოყოფილი და მოხმარდება დედაქალაქში ინფრასტრუქტურული და ტექნიკური პრობლემების მოგვარებას. თემაზე თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ, გადასცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება მასშტაბური სცენებისა და სააფიშე ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც დღესდღეობით ქალაქში არ არსებობს.
„16 მილიონ ლარში შედის სახელოვნებო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რომელთა რაოდენობა ათს უტოლდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექვს სკოლაში სარემონტო სამუშაოები, ორი სკოლა წლის ბოლომდე სარემონტოდ ჩაეშვება, ორი სკოლა კი უკვე დასრულებულია. ასევე, იგეგმება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 8 მილიონი ლარია გამოყოფილი. საუბარია, ასევე ბიბლიოთეკების, წიგნების საცავებისა და მუზეუმების მოწესრიგებაზე. რამდენიმე მათგანი უკვე დასრულდა, წლის ბოლომდე კი, გალაქტიონ ტაბიძისა და შიო არაგვისპირელის მუზეუმის დასრულება უნდა მოესწროს,“-აღნიშნიშნა სოფიო ხუნწარიამ.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, მომავალ წელს ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციაც იგეგმება. ასევე მოეწყობა სახელოვნებო სივრცე/პლატფორმა მტკვრის ჭალებში იმისათვის, რომ უკეთ დავინახოთ, რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს მტკვარმა და პირიქით.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ თბილისის საფესტივალო ქალაქად გადაქცევის შესახებ კულტურის პოლიტიკის პრეზენტაციის დროს ისაუბრა და მანვე ხაზი გაუსვა საფესტივალო სივრცეებთან დაკავშირებულ პრობლემებს და აღნიშნა, რომ იგეგმება ღია სცენების და სააფიშე სივრცეების მოწყობა. მისივე თქმით, მომავალ წელს თბილისს ექნება კულტურის დოკუმენტი თავისი სამოქმედო გეგმით.