პანდემიური კრიზისის შემდეგ ჰორეკა სექტორში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. როგორც რესტორნები, ასევე სასტუმროები მაღალი დატვირთვით მუშაობენ. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა სარესტორნო მომსახურებაზეა. როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, რესტორნები 100%-იანი დატვირთვით მუშაობენ, სასტუმროებმა კი პანდემიამდელი სიტუაციის აღდგენა, სულ მცირე, 70%-ით შეძლეს.
როგორც აღმოჩნდა, მაღალი მოთხოვნა ძირითადად უკავშირდება პანდემიური კრიზისის გამო რესტორნების ნაწილის დახურვას, რომელთა ნაწილმა საქმიანობის გაგრძელება ვერც პოსტპანდემიურ პერიოდში მოახერხა.
ამასთან, ბურჯანაძის თქმით, რუსეთიდან, ბალარუსიდან და უკრაინიდან მოქალაქეების ნაკადები გაიზარდა, რაც ჰორეკა სექტორის საქმიანობაზე დადებითად აისახა.
,,მიმდინარე პერიოდში სარესტორნო სფეროსთვის ნამდვილად კარგი მდგომარეობაა. იმ რთული ეტაპის გავლის შემდეგ, რაც კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს უკავშირდება, ვითარება რადიკალურად შეცვლილია. ბოლო წლების დანაკარგებს თუ არ ჩავთვლით, სარესტორნო ბიზნესს ნამდვილად კარგი და გასაოცარი ეტაპი უდგას. თუმცა ზარალი რომ დაკომპენსირდეს, აუცილებელია არსებული ტენდენცია ხანგრძლივად შენარჩუნდეს. მიმდინარე პერიოდში რესტორნები 100%-ით დატვირთულია. შეიძლება ითქვას, რომ კვირის ბოლო სამ დღეში - პარასკევს, შაბათსა და კვირას მომხმარებელი რესტორანში ჯავშნის გარეშე ვერ მოხვდება. ეს განპირობებულია იმით, რომ რესტორნების რაოდენობა შემცირდა. შესაბამისად, საზოგადოების მოთხოვნილება გადავიდა იმ რაოდენობაზე, რაც არის. მეორეც, ტურისტების საკმაოდ დიდი რაოდენობაა, ომის გამო რუსეთიდან, ბალარუსიდან და უკრაინიდან მოქალაქეების დიდი რაოდენობა შემოვიდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით, რამაც გარკვეულწილად ჰორეკა სექტორზე დაწოლა მოახდინა. განსაკუთრებით, იმერეთში, ქართლსა და კახეთში. თუკი პანდემიიდან გამოწვეულ პრობლემებს გამოვრიცხავთ, შეიძლება ითქვას, რომ ვითარება დიდწილად გამოსწორებულია“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე ,,კომერსანტთან“.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდში დიდია სასტუმროების დატვირთულობაც. 2019 წელთან შედარებით, სექტორი 70%-ით აღდგა. 15 ივნისიდან კი მოსალოდნელია ტურისტული ნაკადების ზრდა, რაც არსებულ მონაცემებს საგრძნობლად გააუმჯობესებს.
რაც შეეხება გამოწვევას, შოთა ბურჯანაძის თქმით, პრობლემა დღესდღეობით კადრების სიმცირეს უკავშირდება, რის მოგვარებაც ჯერჯერობით ჭირს.
,,პრობლემაა, რომ ქვეყანაში არსებულ რესტორნებსა და სასტუმროებს კადრების მოძიება უჭირთ, ამაში იგულისხმება ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ამ სფეროში ან პროფილი შეიცვალეს ანუ კადრების გადინება მოხდა, ხოლო ახალი თანამშრომლების მოძიება ჯერჯერობით სერიოზულად ჭირს, რაც ყველა რგოლის დონეზე პრობლემაა“, - დასძენს ბურჯანაძე.
სარესტორნო მენიუსთან დაკავშირებით კი რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არსებული ფასები შენარჩუნდა, თუმცა სამომავლოდ რესტორნებს საფასო პოლიტიკის გადახედვა და გარკვეული კორექტირება გაძვირების მიმართულებით მოუწევთ.
commersant.ge