ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი განახლდება
25 ივლისი, 2018

2019 წლის ბოლოს, ამორტიზებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, 2020 წლისთვის კი ახალი ავტობუსების რაოდენობა 900 ერთეულამდე გაიზრდება, - ასეთია თბილისის მერიის ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკის გაწერილი გეგმა.

ყვითელი ავტობუსები ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით სრულად ჩანაცვლდება.

„სატრანსპორტო პოლიტიკა და არსებული გამოწვევების დაძლევა ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ტრანსპორტი არსებობს იმისთვის, რომ მოგვემსახუროს და არა იმისთვის, რომ გადაადგილებისა და ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით და ტრანსპორტს, ამ მიმართულებით, განსაკუთრებული როლი აქვს. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე დაგეგმილი გვაქვს, კომპლექსური და სისტემური ნაბიჯები, რომლის შემდეგაც, ქალაქის საცობებისგან მაქსიმალურად განტვირთვას და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად შემცირებას ვგეგმავთ. ჩვენი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი მოხმარების ზრდა და პარალელურად, კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

2019 წელს განახლდება მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები და მოხდება მათი სინქრონიზაცია, რის შედეგადაც, ოპტიმალურად განაწილდება მგზავრთა ნაკადები და გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა.

2021 წლამდე, რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე ავტობუსის ზოლები მოეწყობა; 2019-2021 წლებში, მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება, ხოლო ავტობუსებისა და მეტროს განვითარების პარალელურად, იგეგმება მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება და მათი სრულად განახლება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.