ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ენერგეტიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო IOTA HOTEL-ი იხსნება
29 მაისი, 2017

ენერგეტიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო IOTA HOTEL-ი 3 ივნისს გაიხსნება. სასტუმროს მენეჯერი ნოდარ იმნაიშვილი "კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, რომ სასტუმრო სტუმრებს რამდენიმე დღეში სატესტო რეჟიმში მიიღებს. სრული დაგვირთვით კი დაახლოებით, 1 თვეში ამუშავდება.

იმნაიშვილის განმარტებით, სასტუმრო IOTA HOTEL-ი 90 ნომრიანი იქნება და ბაზარზე ქართული ბრენდის ქვეშ იმუშავებს. მისი განცხადებით, პროექტის განმახორციელებელმა კომპანია Lermont-მა სასტუმროს მშენებლობა-რეკონსტრუქციაში დაახლოებით 14-15 მილონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„ეს არის ახალი ქართული ბრენდი, რომელიც სამომავლოდ საქართველოს მასშტაბით ქსელის გაფართოებას გეგმავს"-აცხადებს იმნაიშვილი.

მისი ინფორმაციით, სასტუმროში 1 ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი საშუალოდ 150 დოლარი იქნება, ლუქსის ფასი კი 250 დოლარი. რაც შეეხება კონკურენციას, მისი განმარტებით, სასტუმრო IOTA HOTEL-ი ხარისხში ძალიან ბევრ სასტუმროს „მოუგებს". „მშენებლობა მაქსიმალურად ხარისხიანი მასალებით მოხდა, ინვენტარი უცხოეთიდან ჩამოვიტანეთ"-აცხადებს იმნაიშვილი.

სასტუმრო IOTA HOTEL-ის ოფიციალური გახსნა მოიგვიანებით, დაახლოებით 1 თვეში გაიმართება.

შეგახსენებთ, ენერგეტიკის სამინისტროს ყოფილი შენობა კომპანია Lermont-მა 2016 წლის იანვარში შეიძინა. შენობა თბილისში ლერმონტოვის №10-ში მდებარეობს, შენობაში ჯერ ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული მოგვიანებით კი თბილისის საკრებულო. ინვესტორმა შენობა სახელმწიფოს კუთვნილი კომპანია „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიისგან" უპირობო აუქციონზე იყიდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს Lermont-ის 100 %-იანი წილის მფლობელი და კომპანიის ხელმძვანელი დავით კუპრაშვილია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია. ლერმონტოვის ქ. №10-ში არსებული 1363 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საწყისი ღირებულება აუქციონზე 4 527125 ლარი იყო.

ენერგეტიკის სამინისტროს ყოფილი შენობა 

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.