იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანი ეროვნული სანავიგაციო სისტემის ჩამოყალიბება და საქართველოს მონაცემების მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრირებაა.
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა და საქართველოს გეოგრაფიული მონაცემების გლობალურ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია. პროექტი ქვეყნის პოპულარიზაციას, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ნავიგაციის პროექტის საველე სამუშაოები ამჟამად თბილისში მიმდინარეობს. საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები სრულად აღწერენ დედაქალაქში მდებარე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიულ მონაცემს: განთავსებისა და კვების ობიექტებს, ისტორიულ, კულტურულ, სპორტულ ობიექტებს, რეკრეაციულ ზონებს, სავაჭრო ობიექტებს, ადმინისტრაციულ შენობებს, ბანკებსა და ბანკომატებს, ბენზინ და გაზგასამართ სადგურებს, ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან სხვადასხვა ობიექტებს. ვიზუალიზაციისთვის საველე ოპერატორები აღწერილ მონაცემებს შესაბამის ფოტოებსაც უღებენ.
დედაქალაქში საველე წესით გეოგრაფიული მონაცემების შეგროვება წლის ბოლომდე დასრულდება. საჯარო რეესტრი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს.
პარალელურად, საჯარო რეესტრი ნავიგაციის ელექტრონული აპლიკაციის შესაქმენლად მუშაობს, რომელშიც საველე აღწერით მიღებული გეომონაცემები აიტვირთება. აპლიკაცია მოხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს.
სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ბიზნესობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.
საჯარო რეესტრი ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (Google, Tomtom) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში, და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.
საქართველო პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც მსოფლიო წამყვან სანავიგაციო სისტემებთან ქვეყნის სივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებაზე მუშაობს და ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს გეოგრაფიული მონაცემების მწარმოებელ კომპანიებთან.
ნავიგაციის პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრმა უკვე დაასრულა შავი ზღვის სანაპირო ზოლის, გარდაბნის, რუსთავის, გორისა და მცხეთის საველე აღწერა, ასევე მაგისტრალური საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები.
www.bm.ge