ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში გამწვანებული ფართობი ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ.მ-ზე ნაკლებია, ევროპაში - 35.5 კვ.მ-ია
19 ივლისი, 2017

თბილისში გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მ-ზე ნაკლებია, 1980-იანებში ეს რიცხვი 13 კვ.მ-ს შეადგენდა. გამწვანების მაჩვენებლის მიხედვით თბილისი ევროპულ ქალაქებს ათჯერაც კი ჩამორჩება. ევროპის საშუალო მაჩვენებელი 35,5 კვ.მ-ია.

თბილისის განაშენიანებულ ტერიტორიაზე, საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ.მ-ზე ნაკლებია. ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის კონცეფციაში.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ თბილისი განიცდის საზოგადოებრივი დანიშნულების მწვანე სივრცეების მწვავე უკმარისობას.

„გენგეგმის განახლების პროცესში ჩატარებული კვლევების მიხედვით, დღეს საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი, თბილისის ურბანიზებულ (ნაშენ) ტერიტორიაზე, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მ-ზე ნაკლებია, მაშინ როცა 1980-იანებში ეს რიცხვი 13 კვ.მ-ს შეადგენდა (OSCE 2011). საშუალო ნორმატიული მაჩვენებელი ევროპული ქალაქებისათვის ერთ მოსახლეზე 20 კვ.მ გამწვანების არსებობას ითვალისწინებს.

აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, თბილისის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ქალაქის მწვანე სივრცეებით დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული გეგმარებითი საქმიანობა. მიმდინარე ეტაპზე, გენერალური გეგმის შესასრულებელ რეალისტურ ნიშნულად მიგვაჩნია ერთ მოსახლეზე მინიმუმ 10 კვ.მ ურბანული საერთო სარგებლობის მწვანე სივრცის დაფიქსირება. აღნიშნული გადაწყვეტა, სულ მცირე, სამჯერ გაზრდის საერთო სარგებლობის ღია, ურბანული გამწვანებული სივრცეების ფართობს. შედეგად, 2030 წლისთვის, ქალაქი მიიღებს 1327 ჰა საერთო სარგებლობის ურბანულ გამწვანებულ ტერიტორიას, ნაშენი თბილისის ფარგლებში, რომელთაგან პირველადი ზონირების მოდელის მიხედვით არსებული ნაშენი სტრუქტურის შიგნით 490ჰა. განთავსდება", - ნათქვამია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის კონცეფციაში.

საბჭოთა სტანდარტის მიხედვით, ქალაქში, სადაც 0.5 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, გამწვანების კოეფიციენტი ერთ სულ მოსახლეზე 15 კვ.მ უნდა ყოფილიყო, თუმცა თბილისში ეს მაჩვენებლი არც საბჭოთა პერიოდში იყო დაცული. გამწვანების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი თბილისში 1983 წელს დაფიქსირდა და 13 კვ.მ შეადგინა. დედაქალაქში მწვანე საფარის ინვენტარიზაცია 1988 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, თუმცა მერიის ინფორმაციით, 2001 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 5.6 კვ.მ იყო. ამ პერიოდის შემდეგ, განახლებული მონაცემები აღარ არსებობს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მსხვილ ქალაქში გამწვანება ერთ სულ მოსახლეზე სულ მცირე 9 კვ.მ უნდა იყოს. საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 35.5 კვ.მ-ია.

თუ გამწვანების კოეფიციენტის მიხედვით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მსოფლიოში ყველაზე გამწვანებულ ქალაქად ვენა ითვლება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 120 კვ.მ სიმწვანე მოდის. 66 კვ.მ-ია ეს მაჩვენებელი სინგაპურში, სტოკჰოლმში - 87.5 კვ.მ, ამსტერდამში - 45.5 კვ.მ, ლონდონში - 27 კვ.მ, სტამბულში - 6.4 კვ.მ. სიმწვანის მაჩვენებლი ყველაზე დაბალია ტოკიოსა და ბუენოს-აირესში - 2-3 კვ.მ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.