1 მაისს, ავლაბარში, მზის ენერგიაზე მომუშავე სასტუმრო BRIM TBILISI გაიხსნა.
როგორც სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერი ნინო ფალავანდიშვილი BM.GE–სთან ამბობს, შენობის სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელებით გამომუშავებული ელექტროენერგია მოხმარებული ელეტროენერგიის 80%-ს შეადგენს.
მისივე თქმით, სასტუმროს გახსნამდე დაგროვებული ჭარბი ელექტროენერგიის ქსელში გაშვებაც მოხდა, თუმცა ამ ეტაპზე ის სრულად სასტუმროს ხმარდება.
“ჩვენთან უკვე დამონტაჟებული პანელების სიმძლავრე არის 27 კილოვატი, თუმცა წლის განმავლობაში ის ახერხებს 40 000 კილოვატ/საათის გამომუშავებას. მთლიანი შენობის სახურავი მზის პანელებით არის დაფარული და ეს რაოდენობა სასტუმროს ელეტროენერგიის მოხმარების დაახლოებით 80%-ს ამარაგებს. არასეზონურ პერიოდში მზის პანელები მაინც გამოიმუშავებს მზის ენერგიას, როგორც გითხარით 60%-დან 80%-მდე, ამ პროცენტულ მაჩვენებელში მერყეობს. სანამ გაიხსნებოდა ჩვენი ობიექტი, უკვე დამონტაჟებული იყო მზის პანელები, შესაბამისად ელექტროენერგიის ქსელში გაშვება შეგვეძლო. ახლა, უკვე გახსნის შემდგომ, რასაც გამოვიმუშავებთ, სასტუმროს ხმარდება. თუ იქნება შემთხვევა, რომ მზის პანელებმა ჭარბი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რა თქმა უნდა, ამას ქსელშიც გავუშვებთ”, – ამბობს სასტუმრო BRIM TBILISI-ის მარკეტინგის მენეჯერი.
BRIM TBILISI ბუტიკური ტიპის სასტუმროა, რომელიც 52 ნომერს აერთიანებს. სასტუმროს ძირითადი სამომხმარებლო სეგმენტი უცხოელი ტურისტებია. BRIM TBILISI სასტუმროსთან ერთად რესტორანსაც მოიცავს.