„კომერსანტის„ ექსკლუზივი: თბილისში რიყის პარკის ტერიტორიაზე, მშვიდობის ხიდის ქვეშ, მაღალი კლასის ჰოსტელი The Bridge Hostel იხსნება (რენდერები)
თბილისში რიყის პარკის ტერიტორიაზე, მშვიდობის ხიდის ქვეშ მაღალი კლასის ჰოსტელი The Bridge Hostel იხსნება. ინვესტიციას ქართული კომპანია ჩექინნ გრუპი ახორციელებს, საინვესტიციო თანხის ოდენობა 4 320 000 ლარს შეადგენს. ჰოსტელი სტუმრების მიღებას ორშაბათიდან შეძლებს.
The Bridge Hostel- ის კომუნიკაციების დირექტორი ანა გავაშელი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ ეს იქნება ჰოსტელი, რომელიც სტუმარს გაცილებით მეტ მომსახურებას შესთავაზებს ვიდრე ნებისმიერი სხვა ჰოსტელი საქართველოში.

„ავარჩიეთ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ტერიტორია – რიყის პარკი. ჰოსტელის ადგილმდებარეობა არა მარტო ტურისტებისთვის ადგილობრივებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. The Bridge Hostel ყველაზე მაღალი კლასის ჰოსტელი იქნება საქართველოში. ჩვენ ტურისტებს შევთავაზებთ კონსიერჟეს სერვისს, ტურებს, სხვადასხვა სერვისებს, რომლებიც ჰოსტელში დახვდებათ, ასევე შოპინგ ტურებს სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში, ტრანსფერს აეროპორტიდან სასტუმრომდე, ტრანსპორტირებას ქალაქის ფარგლებში, ამ მომსახურებებას არც ერთი ჰოსტელი არ სთავაზობს ტურისტებს“, –ამბობს ანა გავაშელი.

The Bridge Hostel -ს 22 ნომერი აქვს და 140 ადამიანზეა გათვლილი. ადგილზე დაგხვდებათ 10 კაციანი, 8- კაციანი და 6- კაციანი ნომრები. ასევე იქნება პრივატული ოთახი ორი ადამიანისთვის, რომლის ღირებულებაც 140 ლარია. ხოლო ჩვეულებრივი ნომრების ღირებულება 29 ლარია.
The Bridge Hostel- ის კომუნიკაციების დირექტორი ამბობს, რომ ფასი სეზონურად შეიცვლება, ამიტომ შესაძლებელია, ჰოსტელის ნომრების ფასები ცოტა ხანში გაიზარდოს.
ანა გავაშელი “კომერსანტთან“ იმ ობიექტებზეც საუბრობს, რომელიც The Bridge Hostel-ში მისულ სტუმარს დახვდება.
„ჰოსტელის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ორი ბარი და ერთ ლაუნჯი, რომელიც ჰოსტელში იქნება. ერთი ბარი გარეთ მოეწყობა, ერთი კი ჰოსტელის სახურავზე განთავსდება. The Bridge Hostel-ში მოეწყო შეხვედრების ოთახი, რომელიც სპეციალურად ქართული კომპანიებისთვის გაკეთდა. იგი სრულიად იქნება აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა შეხვედრა სათანადოდ ჩატარდეს“,– აცხადებს ანა გავაშელი.

The Bridge Hostel-ში ჩასულ სტუმარს, ჩექინნ გრუპი საშუალებას აძლევს ადგილზე გაეცნოს ქართულ კულტურას. რიყის პარკის ტერიტორიაზე მოეწყო სავაჭრო სივრცე — „რიყე ბაზარი“, სადაც ტურისტებს მხოლოდ ქართული პროდუქციის შეძენა შეეძლებათ. შემინული მაღაზიები და დახლები 380 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

„მთავარი პროდუქტი არის „რიყე ბაზარი“, რომელიც ჰოსტელის ტერიტორიაზე მოეწყობა. რიყე ბაზარში მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება. ერთი რაც უკვე ვიცით არის ის, რომ ობიექტზე განთავსდება ქართული ღვინის მაღაზია, ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ღვინის კომპანიები. გაკეთდება თონე, რომელიც უშუალოდ ჩვენი იქნება. მოეწყობა ყველის კუთხე, ხოლო დანარჩენი ტერიტორია ეთმობა ქართულ აქსესუარებს, მინანქარს, თექას და სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს. ეს არ არის გამოფენა ან დროებითი მარკეტი, ეს იქნება მუდმივი სავაჭრო სივრცე, რომელიც ყოველდღიურად იმუშავებს“, – განაცხადა ანა გავაშელმა.

booking.com -ზე და tripadvisor- ზე The Bridge Hostel – ის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა.
ანა გავაშელი ამბობს, რომ ივლისის ბოლო და აგვისტოს პირველი ნაწილი უკვე დაჯავშნილია. ტურისტები, რომლებიც ჰოსტელით ინტერესდებიან ძირითადად უკრაინიდან და პოლონეთიდან არიან. ნომერი დაჯავშნეს რუსეთიდანაც. ანა გავაშელი გვეუბნება, რომ ერთადერთი ჯავშანი, რომელიც რუსმა ტურისტმა დაჯავშნა, ამ დრომდე არ გაუქმებულა.
ამიტომ The Bridge Hostel- ის კომუნიკაციების დირექტორი დარწმუნებულია, რომ რუსული სანქციები ჰოსტელზე ნაკლებად აისახება:

„გვაქვს სოციალური მედია-რეკლამები, რომელიც გაშვებულია კონკრეტულ ქვეყნებზე — ეს არის პოლონეთი, ლიტვა ლატვია, უკრაინა და ა.შ ასევ booking.com -ზე გვაქვს საკუთარი პრომოუშენი. ჩვენ არ გვეშინია რუსული სანქციების, რადგან ჰოსტელი არ არის გათვლილი რუსულ ბაზარზე. ჰოსტელის მომხმარებელი უფრო მეტად ევროპელი ტურისტები არიან მაგალითად: პოლონელები, ფრანგები , დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. შესაბამისად, სხვა სფეროებისგან განსხვავებით, სანქციები ჰოსტელზე ნაკლებად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გახსნილები არ ვართ, საკმაოდ ბევრი ჯავშანი გაქვს, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ სხვებსაც არ უნდა ეშინოდეთ რუსული სანქციების“,- განმარტავს ანა გავაშელი.

Commersant.ge