სულ მალე თბილისში შესაძლოა რიგით მეორე იპოდრომი გაიხსნას. ზუსტი ლოკაცია ჯერ შერჩეული არ არის, თუმცა როგორც „კომერსანტს“ შპს თბილისი ექვი ცენტრის დირექტორმა შალვა გაჩეჩილაძემ განუცხადა, პირველის (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია) მსგავსად, მომდევნო იპოდრომიც დედაქალაქის გარეთ, მწვანე ზონაში მოეწყობა.
ვიდრე საბოლოოდ პროექტი დამტკიცდება და ზოგადად დარგის განვითარება დაიწყება, მანამდე „თბილისის იპოდრომი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან დაპირებული ფინანსური მხარდაჭერის მოლოდინშია.
„ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში. შემართებით ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, დაფინანსებას მოვიპოვებთ. თანხა საკმაოდ სოლიდურია, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ზოგადად დარგის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით – შეჯიბრებების გამართვა, ცხენების შეძენა და ახალი იპოდრომის მოწყობა. ეს უკანასკნელი სავარაუდოდ თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, როგორც დღეს არის ლისის ტბასთან. ცხენებისთვის მსგავსი გარემო ძალიან კომფორტულია. ასევე იგეგმება რეგიონებში საცხენოსნო კლუბების განვითარებაც,“ – განმარტავს შალვა გაჩეჩილაძე.
დაფინანსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, „კომერსანტი“ უკვე დაუკავშირდა შესაბამის უწყებას. პასუხის მიღებისთანავე, ინფორმაციას გაგაცნობთ. მანამდე თბილისის იპოდრომის დირექტორს დღევანდელ ვითარებასა და არსებულ გამოწვევებზეც ვესაუბრეთ:
„მიუხედავად იმისა, რომ ლისის ტბის ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ მომსახურება გაძვირდა, მომხმარებელთა რაოდენობამ იმატა. ჩვენი დაკვირვებით ეს გამოწვეულია მოზარდების მომართვიანობის ზრდის გამო. მშობლებმა იციან, რომ შვილების ჯანმრთელობისთვის ცხენზე ჯირითი ძალიან კარგია“.
დღეს იპოდრომზე ცხენის ერთი საათით დაქირავება 50 ლარი ღირს. შალვა გაჩეჩილაძის თქმით, ქართული რეალობისთვის მაღალი ღირებულებაა, თუმცა საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით ოთხჯერ იაფია.
„თავად სპორტია ძვირადღირებული, ამიტომ ფასებიც შესაბამისია.საზღვარგარეთთან შედარებით ჩვენთან კიდევ 7უფრო დაბალი ტარიფებია. მაშინ, როცა მაგალითად, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ერთ საათიანი მომსახურება 100-150 აშშ. დოლარი ღირს, ჩვენთან 50 ლარია“,– განმარტავს გაჩეჩილაძე.
გამოწვევებისა და პრობლემების მიმართულებით იპოდრომის დირექტორი რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს:
-
ცხენების რაოდენობა და მდგომარეობა;

„ნამდვილად, კარგი იქნებოდა შესაბამისი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა რომ გვქონდეს. ასევე ჩვენ დღეს გვყავს დაახლოებით 80 ცხენი, თუმცა გვაქვს ადგილი კიდევ ამდენივე დავიმატოთ. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ცხენები ასე ვთქვათ, სასურველ ფორმაში არ არიან,… და ბოლოს, რა თქმა უნდა, დარგი საქართველოში არ არის საკმარისად პოპულარული; ცნობადობის პრობლემაა“,– ამბობს შალვა გაჩეჩილაძე.

უახლოეს მომავალში თბილისის იპოდრომი მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს უმასპინძლებს. მიმდინარე წლის 3-4-5 მაისს კავკასიის 3ქვეყნიდან (ამას საქართველოც დაემატება) მხედრები ჩამოდიან. გამართება შეჯიბრი..რეგიონად დაყოფილი ჩემპიონატი ამ შემთხვევაში კავკასიის ლიგას წარმოადგენს და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

commersant.ge