ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერით უკრაინელები დაინტერესდნენ
25 აგვისტო, 2017

თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარაშვილის ქუჩის N10ა-ში მდებარე სკვერით უკრაინელები დაინტერესდნენ. უკრაინელები ერთ-ერთი პროექტს სწორედ ამ სკვერში განახორციელებენ.

როგორც „სითი კვირას“ ვაკის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, თბილისში, უკრაინელები ერთ-ერთი პროექტისთვის სივრცეს ეძებდნენ და ეს ლამაზი სკვერი შეარჩიეს. „მათ ასე გვითხრეს: მთელი თბილისი მოვიარეთ და ამაზე ლამაზი სკვერი ვერ ვნახეთო“, - აღნიშნეს გამგეობაში.

ვაკის რაიონის გამგეობაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის პროექტის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროექტის დეტალებს საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობენ.

აღსანიშნავია, რომ თამარაშვილის ქუჩის N10ა-ში მდებარე სკვერი წელს სრულად განახლდა. ვაკის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ახალი ფანჩატური დაიდგა. ახალი სასრიალო და საქანელები დამონტაჟდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა აუზს, დამსვენებლებისთვის მოეწყო კუნძული. ახალი სკამები და ურნები განთავსდა, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები. ​დამონტაჟდა განათების ბოძები და ახალი ველოსადგომი, რომელიც 8 ველოსიპედს იტევს.  შშმ პირებისთვის პანდუსი გაკეთდა.​ ტერიტორია დამატებით გამწვანდა, ბალახი და ხე-მცენარეები დაირგო. სარწყავი სისტემა მოეწყო. აღნიშნულ სკვერში ცოტა ხნის წინ ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, დრამატურგის და დისიდენტის, ვაცლავ ჰაველის ძეგლი გაიხსნა.

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს “ჯეო პარკი” აწარმოებდა. სამუშაოებისთვის ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 180 000-მდე ლარი გამოიყო.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.