თბილისში სასტუმრო „რიქსოსი -ს გახსნა მომავალი წლისთვის გადაიდო. როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ რადიო „კომერსანტთან საუბრისას განაცხადა „რიქსოსის მომიჯნავედ მიმდინარეობს რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, ამიტომ მენეჯმენტმა გადაწყვიტა, სასტუმრო ამოქმედდეს მას შემდეგ, რაც დასრულდება სხვების მშენებლობა. „სამშენებლო არეალში მოქცეული ასეთი დონის სასტუმროს ახლა გაშვება გაუმართლებელი იქნებოდა, - აცხადებს მოშე.
ირკვევა, რომ ამ ეტაპზე ძვირადღირებული და მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილი ფასადი უკვე დასრულებულია და შიგნით მომდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
იციკ მოშეს განცხადებითვე, რიქსოსის სასტუმრო ხელოვნების ნიმუშია. შიდა სივრცეც გამორჩეულია „ლასვიტის მიერ შექმნილი 22 მეტრის სიგრძისა და 4 მეტრის დიამეტრის ჭაღით, რომელიც იერუსალიმის ვალდორფ ასტორიას ცნობილი ჭაღის ანალოგია.
პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა 45 მლნ დოლარი.
სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, თავდაპირველად მისი გახსნა 2015 წელს იგეგმებოდა, თუმცა ბიზნეს პალატაში მაშინ განაცხადეს, რომ შენობა მუზეუმების უბანში მდებარეობს, რის გამოც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფასადის მასალას, ამის გამო კი სამშენებლო სამუშაოებმა გაცილებით მეტი დრო მოითხოვა. ამის შემდეგ დაანონსდა,რომ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა 2016 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი.მიმდინარე წლის დასაწყისში კი ითქვა, რომ „რიქსოსი წლის ბოლომდე გაიხსნებოდა.
„რიქოსის ბრენდის სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბორჯომში, რომელიც 2015 წლის ბოლოს გაიხსნა.
ავტორი: სალომე სოსელია
commersant.ge