ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისური არტეფაქტები თანამედროვე აქსესუარებში გაცოცხლდა - "ისტორიალმა" ახალი საკოლექციო ხაზი შექმნა
04 იანვარი, 2024

თბილისში, კერძოდ, თრელის სამაროვანში აღმოჩენილი, ძველი წელთაღრიცხვით, მეცამეტე საუკუნით დათარიღებული მხედრის ფიგურა ხელოვანებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა და სოციალურმა საწარმომ „ისტორიალი“ აქსესუარების ახალი საკოლექციო ხაზი შექმნა, სახელწოდებით „თბილისური ისტორიული არტეფაქტები თანამედროვე აქსესუარებში“.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ისტორიალის“ დამფუძნებელმა  მაკა დვალიშვილმა განუცხადა, ცხენოსნის ინტერპრეტაცია სხვადასხვა ფიგურაში მოხდა.

„ჩვენი თითოეული ნივთი ექსკლუზიურია და ერთი მათგანის შექმნას რამდენიმე კვირაც კი სჭირდება. აქსესუარების შექმნის დროს, საწარმოო პროცესისას, ძირითადად - პლასტელინს, ცვილს, სანთელს, თაბაშირს, ვერცხლსა და თითბერს ვიყენებთ“, - აღნიშნავს მაკა დვალიშვილი. 

მისივე თქმით, ამჟამად, ახალი საკოლექციო ხაზი 15-მდე ნივთს აერთიანებს, რომლებიც „ისტორიალის“ განახლებულ სახელოსნოში იწარმოება.

„ჩვენმა სოციალურმა საწარმომ კიდევ უფრო მეტი ოსტატის მოწვევა და საქმიანობის გაფართოება, ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დახმარებით შეძლო. ახალი კოლექცია კი თბილისის მერიის მხარდაჭერით დამზადდა და მასში ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული მხედრის ფიგურის გარდა, შუა საუკუნეების არტეფაქტების თემატიკაზე შექმნილი ნივთებიც მოხვდა, კერძოდ - ტყავისა და ტექსტილის ნაწარმი, კერამიკული თეფშები, ასევე დიდგვაროვანთა სამკაულები“, - განმარტა „ისტორიალის“ დამფუძნებელმა.

როგორც მაკა დვალიშვილი აცხადებს, თანამედროვე დიზაინში გაცოცხლებული უძველესი ისტორია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომხმარებლებისთვის საინტერესო აღმოჩნდა, რაზეც მზარდი გაყიდვები მიუთითებს.გაზაფხულიდან ევროპულ ბაზრებსა და აშშ-ში ექსპორტიც იგეგმება და ამ საკითხზე აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია.

ცნობისთვის, სოციალური საწარმო „ისტორიალი“ 2000 წელს დაარსდა და მისი მისია ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, მხატვრული რეწვის ოსტატების  დასაქმება და მომავალი თაობისთვის ტრადიციული ხელობის გადაცემაა. სწორედ ამ მიზნით, განახლებული სახელოსნოს სივრცე პერიოდულად ლითონ- მქანდაკებლობის ტექნოლოგიის შესწავლას, სხვადასხვა არაფორმალური განათლების კურსებსა და მასტერკლასებს დაეთმობა.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.