თბილისიდან ბაქოში კომპანია "ავიატორის" საჰაერო ტაქსით გამგზავრება 6930 დოლარი ეღირება,- ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რამდენი ადამიანი იმგზავრებს საჰაერო ტაქსით თანხა უცვლელია.
რეისები შესრულდება Beechcraft KingAir C90GTX-ის მოდელის საფრენი აპარატით. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი თბილისშია ბაზირებული, ფრენები სწორედ საქართველოს დედაქალაქიდან შესრულდება.
"კომპანია Aviator ფრენებს განახორციელებს თბილისისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო აეროპორტებიდან ბაქოს, სტამბოლის, ტრაპიზონისა და სხვა ქალაქის მიმართულებით",-ნათქვამია სტატიაში.
მათივე ინფორმაციით, საფრენი აპარატის ფრენის მაქსიმალური მანძილი 1700 კილომეტრია.
შეგახსენებთ, რომ საჰაერო ტაქსების კომპანია "ავიატორს" "აჭარა გრუპი" ფლობს, რომელიც თავის მხრივ საქართველოში რამდენიმე სასტუმროს მფლობელია.