თელავის აეროპორტმა შესაძლოა, მალე ჩარტერული რეისების მიღება შეძლოს.
როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროსთან და ყველა შესაბამის უწყებასთან კონკრეტული პროექტი უკვე გავლილია.
ქადაგიშვილის ინფორმაციით, დათვლილია ბიუჯეტიც, რომელიც შიდა ფრენების შემთხვევაში – 9 მილიონი, ხოლო საერთაშორისო მიმართულების განვითარებისთვის 15 მლნ ლარია.
“ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დამუშავებული გვაქვს კონკრეტული პროექტი და ვფიქრობთ, რომ თელავის აეროდრომის როგორც აეროპორტის ამუშავება, ერთ-ერთი დიდი სტიმული იქნება ტურიზმის განვითარებისთვის. “მიმინოს” ახლაც შეუძლია კერძო ფრენების მიღება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შესაბამისი, არცთუ ისე დიდი ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, ის ჩარტერული რეისების მიღებასაც შეძლებს და შიდა ფრენებსაც განახორციელებს.
იმისათვის, რომ შიდა ფრენები დაიწყოს, ბათუმის და სხვა მიმართულებებით ინვესტიციის მაქსიმალური რაოდენობა არის 9 მლნ ლარი, საერთაშორისო ჩარტერებსითვის კი 15 მლნ ლარის ინვესტიცია იქნება საჭირო. ჩვენ თუ შევხედავთ, ამ თანხად რა სიგრძის გზა შეიძლება დაიგოს, ეს შეიძლება იყოს 7-8 კმ, აეროპორტის ამუშავება კი გაცილებით დიდ სარგებელს მოგვცემს.
პროექტი სამინისტროსთან ერთად გავლილია. ამაში ჩართული იყო ავიაციასთან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია და ეს შეთავაზება მაგიდაზე დევს, სჭირდება მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება. კერძო ინვესტიციით განხორციელებაზეც არის მსჯელობა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ სახელმწიფო გააკეთებს, უფრო სწრაფად მოხდება”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.