თელავის აეროპორტში კერძო თვითმფრინავების სადგომის მშენებლობა იგეგმება. დაინტერესება, როგორც ქართველი ისე უცხოელი მფრინავებისგან უკვე არსებობს. საავიაციო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალიზებული ანგრის მშენებლობა იდეის დონეზე განიხილება.
„მოყვარული პილოტის ლიცენზიის მიღებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. საქმე ეხება როგორც ადგილობრივ ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. კურსდამთავრებულებმა და დაინტერესებულმა პირებმა უკვე რამდენიმე ავიაკლუბიც ჩამოაყალიბეს. სწორედ მათგან მოდის იდეა, რომ თელავის აეროპორტში შეიქმნას ანგარი, სადაც კერძო თვითმფრინავების განთავსება იქნება შესაძლებელი. ეს იქნება, როგორც პარკინგის ასევე ყველა სხვა აუცილებელი მომსახურების მიღებისთვის განკუთვნილი სივრცე,“ - ამბობს ბიზნესპარტნიორთან საავიაციო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება ჩარტერულ და საერთაშორისო რეისებს. აეროპორტში ამ ეტაპისთვის ყველა საინვესტიციო პროექტი შეჩერებულია. პანდემიის გამო დაგეგმილი რეაბილიტაცია, რომლის შედეგადაც „მიმინო“ დიდი თვითმფრინავების მიღებას შეძლებდა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
„მსხვილმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები თელავის აეროპორტში არ განხორციელებულა. მხოლოდ მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა საავიაციო უნივერსიტეტის ფინანსებით. მსხვილი ინვესტიციების მიმართულებით იყო რამდენიმე შეთავაზება, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ინესტორებმა მოლაპარაკებების პროცესი შეწყვიტეს. ამ დროისთვის აეროპორტს აქვს რესურსი მცირე 5-7 კაციანი თვითმფრინავები მიიღოს, თუ დაინტერესება იქნება. მაგალითისთვის ზაფხულში აეროპორტში მივიღეთ ტურისტების ნაკადი, რომლებმაც ყველა საჭირო სერვისი უპრობლემოდ მიიღეს,“ - ამბობს დავით ტეფნაძე.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში მყოფი ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი “მიმინო” 2012 წელს გაიხსნა. აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან. ადგილზე სამი ტიპის : Cessna 152, Aeroprakt A-22 და Tecnam P2006T თვითმფრინავებია წარმოდგენილი.
business-partner.ge