თელავში მევენახეობის კვლევითი ინსტიტუტი 2022 წლის ბოლოსთვის ახალი ფუნქციით აღდგება (ფოტო)
2022 წლის ბოლოს თელავში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი გაიხსნება. როგორც არქიტექტურული პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „სტუდია 9“-ს ხელმძღვანელმა ზურაბ წიკლაურმა „კომერსანტს“ ექსკულუზიურად განუცხადა, თელავის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია. მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
მისი განმარტებით, პროექტს კომპანია „ვივი“ განახორციელებს, რომელიც ამჟამად ინვესტიციისთვის საჭირო თანხის კალკულაციას ახდენს.
კომპანია „ვივის“ წარმომადგენელი გიორგი ხითარიშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პროექტი თელავში,რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი მევენახეობა-მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის ადგილზე განხორციელდება. გარდა ამისა, აღდგება ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული 40 ჰექტარი ვენახი,ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული ლაბორატორიები. პროექტი ითვალისწინებს 150 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს და მუზეუმს. სამომავლოდ დაგეგმილია ღვინის ქარხნის მშენებლობაც.
„მფლობელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვადასხვა ბრენდებთან. აქედან გამომდინარე, როდესაც შეირჩევა ოპერატორი კომპანია, შესაძლებელია პროექტის გადაკეთება გახდეს საჭირო“-განმარტავს ხითარიშვილი.
Commersant.ge