თელავში, სასტუმრო Holiday Inn სექტემბერში გაიხსნება. როგორც Knews.ge-ს "ჰოლოდეი ინის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ერისთავმა განუცხადა, ამ ეტაპზე პროექტის სამშენებლო ნაწილის 80% დასრულებულია.
მისი თქმით, სასტუმრო 85-ნომრიანი იქნება და სამ სხვადასხვა ტიპის ნომრად - standard, suite და executive დაიყოფა. „მთავარი ფოკუსირება იქნება ტურისტულ სეგმენტზე, თუმცა პროექტის დასაწყისიდანვე გეგმაში იყო, რომ აქცენტი გაგვეკეთებინა არა მხოლოდ ტურისტულ სეგმენტზე, არამედ ადგილობრივ მომხმარებელზეც. კვლევებმა აჩვენა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივი გადის დედაქალაქიდან კახეთის რეგიონში დასვენების დღეებში. ვაპირებთ, ამ სეგმენტს მათთვის კომფორტული გარემო შევუქმნათ და შევთავაზოთ ისეთი სერვისი, რომლის ნაკლებობასაც კონკრეტულად ეს რეგიონი განიცდის“, - აცხადებს ერისთავი.
მისი ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ფასები სეზონის მიხედვით შეიცვლება და საშუალოდ ფასი 90-95 დოლარის ფარგლებში იქნება.
ახალი ბრენდი სასტუმრო „თელავის” შენობაში განთავსდება. სასტუმრო 6 სართულიანი იქნება, მაში განთავსდება საკონფერენციო დარბაზები, ოფისები, რესტორანი „კახელები“, აუზი, ტრენაჟორები და ესპანური რესტორანი.
www.travelingeorgia.ge