«თელეთში გოლფის მოედნების მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება», - «გოლფის ქალაქის» პროექტში 70 მილიონამდე დაიხარჯება
ქვემო ქართლში არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ორგანიზებით, საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქვემო ქართლის ბიზნესის წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა სომხეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების პერსპექტივებზე იმსჯელეს და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამებს გაეცნენ, - აღნიშნულ თემაზე ’’საქმიან დილასთან“ ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი საუბრობს.
- შეხვედრაზე ერთ-ერთ განსახილველ საკითხად სოფლის მეურნეობა იყო დასახელებული. რა ხდება რეგიონში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რა სიახლეებია და რა პრობლემებია?
-უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო ქვემო ქართლი, საერთოდ ეს რეგიონი და ამის რეალური მიზეზებიც არსებობს. ადამიანები, რომლებიც გეგმავენ და ახორციელებენ ამ პროექტებს იმედით აღჭურვილები უნდა იყვნენ და სახელმწიფოსა და ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ენდობოდნენ. რაც მთავარია, საზოგადოებაში ე.წ. შენების სინდრომი უნდა არსებობდეს.
თუ ბოლო 2 წლის მონაცემებს დავაკვირდებით, დაახლოებით 2 000 პროექტამდე განხორციელდა ქვემო ქართლში. ეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტებია, რომ დავაზუსტო 1836 პროექტია, თუმცა ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტით 2015-2016 წლებში და წელსაც 50 მილიონამდე ინვესტიციაა დაგეგმილი. აქ გარდამავალი პროექტებიც არის. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაახლოებით 11 დიდი პროექტი განხორციელდა. ძირითადად ეს პროექტები არის გზები, წყალმომარაგება. კანალიზაცია, საბავშვო ბაღები, ინფრასტრუქტურის განვითარება. ყველაფერი უმაღლესი ხარისხით კეთდება და ესენი სიცოცხლისუნარიანი პროექტებია. დასაწყისიდანვე ჩართულები ვართ და თითქმის ყველა პროექტი ნანახი გვაქვს. ამ ყველაფრის ნახვა ჩვენ ვებ-გვერდზე შესაძლებელია. პირადად მე 1800 პროექტი მაქვს ნანახი. ამას გარდა. კერძო ინვესტიციებიც არის, რაც ამაზე ცოტა მეტია.
-კერძო ინვესტიციების ძირითადი ინტერესი რას წარმოადგენს?
-ადგილობრივი ინვესტიციები, რომელიც ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 130 მილიონი ლარი იყო. ეს წვრილი პროექტებია. ამ პროექტებში ჩვენი თბოსადგურები არ მიგულისხმია, რომელიც ძალიან დიდია და თითოეული პროექტი ნახევარ მილიარდს აღწევს.
მნიშვნელოვანია, ’’პრიმერა გოლფის“ პროექტი, რომლის მიხედვითაც გოლფის ქალაქი უნდა აშენდეს და მიმდინარე წელს პირველი ეტაპი უკვე დამთავრდება. შემოდგომაზე მოედნების მშენებლობა და მთლიანად კეთილმოწყობა დასრულებული იქნება. ჩვენ ვცდილობთ ყველა ინვესტორს პირობა შევუქმნათ, დავეხმაროთ და ერთმანეთს დავაკავშიროთ. ჩვენ ’’პრიმერა გოლფს“ ცენტრალური ტრასიდან მისასვლელი დაახლოებით 700 მეტრის გზა დავუგეთ. ინვესტორის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. როდესაც ადამიანი ასეთ დიდი ინვესტიციას ახორციელებს, აუცილებლად ითხოვს თანამონაწილეობას. სახელმწიფო კი ამისთვის ყოველთვის ღიაა. ’’პრიმერა გოლფი“ უცხოელები არიან და დიდი ინვესტიციაა, რომელიც დაახლოებით 70 მილიონამდე ავა, რადგან გოლფ ქალაქი უნდა ააშენონ. ინვესტორების წარმომავლობა ძირითადად ესპანეთია და ამასთანავე ესტონელებიც არიან. პრიმერა გოლფი თბილისისა და გარდაბნის დამაკავშირებელ ქალაქდ გადაიქცევა, რომელიც 330 ჰექტარზეა გადაჭიმული.
აქამდე ბინების ფასი ძალიან იაფი იყო და რა თქმა უნდა, 10-ჯერ გაიზარდა. რუსთავში ’’მაკდონალდსი“ ძალიან წარმატებული პროექტი გამოდგა. ასევე მნიშვნელოვანია ’’ჰენკელის“ პროექტი. ასევე აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ 2 წელიწადში 9 ყველისა და რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდა. ეს თანამედროვე საწარმოებია.
www.businesscontract.ge