სვანეთი დამსვენებელს ელის. თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი უკვე გაიხსნა. საბაგიროები ყოველდღე, 10:00-დან 16:00 საათამდე მუშაობს.
საქართველოს მთის კურორტების ცნობით, სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამაშველო სამსახური და სამთო პატრული უზრუნველყოფს.
თეთნულდზე 5 საბაგიროა, 4 სავარძლის ტიპისაა, ერთი კი - ბიგელი.
კურორტზე 30 კმ-იანი 9 სათხილამურო გზა ფუნქციონირებს.
„სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდის კურორტი ერთდროულად 6 806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს, უშუალოდ სათხილამურო კომპლექსი კი 4 100 მოთხილამურეს მოემსახურება“, - განმარტავენ საქართველოს მთის კურორტებში.
კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს, სათხილამურო პერიოდი 6-7 თვემდე გაგრძელდება.
ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარობს. კურორტზე 7-კილომეტრიანი 5 სათხილამურო გზაა, რომელიც გათვლილია როგორც მოყვარულებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის. ამ დროისთვის ფუნქციონირებს ღია სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო, 23 დეკემბერს კი ოფიციალურად გაიხსნება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო.
ახალი საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6 ადგილიანი. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია. მისი მწარმოებელია მსოფლიოში წამყვანი კომპანია Doppelmayr. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს ჰაწვალის სათხილამურო არეალსა და მესტიის ცენტრს ერთმანეთს დააკავშირებს.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge