ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თეთრი სახლი ანაკლიაში: ტურისტულ სეზონზე სამშენებლო სამუშაოების დაწყება არასწორია
30 ივნისი, 2022

ტურისტული სეზონის მიუხედავად, ანაკლია  დამსვენებლებისგან დაცლილია,მოლოდინიც ნეგატიურია. ადგილობრივები ტურისტულ სეზონს მომზადებულები შეხვდნენ, თუმცა, მოუწესრიგებელი ბულვარი, ტურისტული სეზონის დაწყების პარარელურად დაწყებული სამშენებლო სამუშაოები, მტვერი, ხმაური და  გასართობი ღონისძიებების არარსებობა ტურისტისთვის მიმზიდველი არ არის.

საოჯახო სასტუმრო „თეთრი სახლი ანაკლიაში“   მფლობელი მარინა თოდუა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  გაუსაძლისი პირობების გამო ადგილზე ჩასული ტურისტი ანაკლიიდან გარბის.

„პანდემიის პერიოდში არ დავხურულვართ,შემცირებული ფასებით,სიტუაციის შესაბამისად  ვიმუშავეთ. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს -  მყავდა უცხოელი სტუმრები, მათ შორის, უკრაინიდან, გერმანიიდან, თუმცა, იმის შემდეგ რაც ნახეს,თუ რა ხდება ბულვარზე, სადაც სატვირთო ავტომანქანები იწყებენ დილის 08:00 საათიდან მუშაობას,  უარი თქვეს ჩვენთან დასვენებაზე და ანაკლია დატოვეს. რისთვის დახარჯონ ფული, რომ ეს  მტვერი ყნოსონ?

საქმის კურსში რომ იყოთ, 1 წლის წინ მდინარე ენგური  ორჯერ გადმოვიდა (ესეც იმიტომ, რომ არხი არ იყო გაგანიერებული) რის შედეგადაც ,ბულვარში ქვიშა შემოიტანა, შუაში კი ღრმული გაჩნდა.  რატომღაც ახლა, შუა სეზონის დროს  დაიწყო ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ მუშაობა.  

დღეს ბულვარზე გასვლა შეუძლებელია, ხმაური და  მტვერი ერთდროულადაა.  ის ორგანიზაცია ვინც ამ სამუშაოებს აწარმოებს, თავის საქმეს აკეთებს, მე კი  - მიფუჭებს. ნაპირსამაგრი სამუშაოები რომ უნდა მიმდინარეობდეს ფაქტია, მაგრამ თავის დროზე და არა ტურისტული სეზონის პარალელურად ,“-აცხადებს თოდუა.

პრობლემას ქმნის მიუსაფარი ძაღლებიც, რომელიც კურორტზე საკმაოდ დიდი რაოდენობითაა და ამაზე საერთოდ არავინ ზრუნავს.

კითხვაზე, მიმართა თუ არა არსებული ვითარების გათვალისწინებით კერძო სექტორმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, თოდუა აცხადებს, რომ საქმის კურსშია  ანაკლიის საკრებულო. კერძო სექტორი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან  ბოლო პერიოდია შეხვედრას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ. 

„აქ რაღაც სერიოზული ხდება, ვის გამო ვისჯებით ანაკლიელები არ ვიცი. როგორც შეიძლებოდა შუა ზაფხულში ამ სამუშაოების წამოწყება? სად იყვნენ ზამთარში, გაზაფხულზე? ჩემი ინფორმაციით, სამუშაოები სექტემბერში სრულდება. ამის ატანა შეუძლებელია,“-აცხადებს მარინა თოდუა.

სასტუმროს მეპატრონე  დარწმუნებულებულია, რომ 2022 წლის  ზაფხულის სეზონი ჩავარდა, თუმცა, არც ის იცის, როდის შეძლებს ანაკლია ტურისტების სრული დატვირთვით მიღებას და როგორ გაისტუმრებენ  ადგილობრივები დაგროვილ ვალებს.

„ვინც  ჩამოდის იმათიც გვრიდება, რომ ადგილზე ვერაფერს ვახვედრებთ. რესტორნები არის, თუმცა, არ არის გართობი ობიექტები,“-აცხადებს მარინა თოდუა.

როგორ აპირებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია შექმნილ სიტუაციაში ტურისტების მოზიდვას, და როდის სრულდება სამშენებლო სამუშაოები, ამის გასარკვევად "ბიზნესპარტნიორი" ადგილობრივ მუნიციპალიტეტს დაუკავშირიდება.  მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.