ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ტეხასი 2“ – ჩხოროწყუში $300,000-იანი ინვესტიციით სასტუმრო გაიხსნება
28 იანვარი, 2019

სასტუმრო „ტეხასის“ მფლობელი სამეგრელოში ახალ სასტუმროს ხსნის. 

როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, სასტუმრო ჩხოროწყუში გაზაფხულზე გაიხსნება. 

„ახალი სასტუმროს გახსნა აპრილი-მაისში იგეგმება, რომელიც საზოგადოებისთვის „ტეხასი 2“-ის სახელით იქნება ცნობილი. აქ იქნება მყუდრო, თბილი, კომპფორტული გარემო, ყველა იმ პირობით, რაც იდეალური დასვენებისთვისაა აუცილებელი“, – აღნიშნავს bm.ge-თან საუბარში სასტუმრო „ტეხასის“ მფლობელი სოსო შენგელია. 

„ტეხასი 2“ თორმეტნომრიანი სასტუმრო იქნება, რომლის მშენებლობისთვის დაახლოებით, 300 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

„სასტუმროში განთავსებული იქნება საცურაო აუზი, საბილიარდო და ბავშვთა გასართობი სივრცეები, აგრეთვე მარანი. მოხდება სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ვენახების აღდგენა, სადაც 20 დასახელების ყურძნის ჯიში იქნება წარმოდგენილი. რაც მთავარია, სასტუმროში მხოლოდ ადგილობრივები დასაქმდებიან“, – აცხადებს სოსო შენგელია. 

ცნობისთვის: სოსო შენგელია უკვე 12 წელია სასტუმრო ბიზნესშია ჩართული და ფლობს სასტუმრო „ტეხასს“ თბილისში. სოსო შენგელია ის ბიზნესმენია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზარალებულები თავის სასტუმროში უსასყიდლოდ შეიფარა; ის 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებსაც უანგაროდ ეხმარებოდა. 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.