ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტეზერსა და პატარა ქანდაში ავტობუსის გაჩერებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
21 ივნისი, 2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტეზერში და მცხეთა-მთიანეთის მხარეში,სოფელ პატარა ქანდაში მდებარე ავტობუსის გაჩერება/პავილიონებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ავტობუსის გაჩერება/პავილიონები მდებარეობს ბორჯომი –ხაშურის დამაკავშირებელ მთავარ გზაზე, (ს8) სოფელ ტეზერის გადასახვევთან და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილიდან (E60; ს1) სოფელ პატარა ქანდასთან დამაკავშირებელი მონაკვეთში.

1970-იანი წლების ბოლო - 1980-იანი წლების დასაწყისში აშენებული ნაგებობებისთვის გამოყენებულია გიორგი ჩახავას მიერ განვითარებული ასაწყობი კონსტრუქცია, რომელიც წინასწარ ჩამოსხმული რკინა-ბეტონის ელემენტებისაგან შედგება. ამ ელემენტებით შესაძლებელია ღია, მცირე არქიტექტურული ფორმების პირდაპირ სამშენებლო მოედანზევე აწყობა, რაც მშენებლობის პერიოდს მინიმუმამდე ამცირებს.

საინჟინრო თვალსაზრისით ის ორ საინტერსო ფაქტორს შეიცავს - კონსტრუქცია თვითმზიდია და შედგება ინდუსტრიულად დამზადებული სტანდარტული ელემენტებისგან. ელემენტები “სავარცხლის” პრინციპით იდგმება ერთმანეთში, რაც მათ სიხისტეს უზრუნველყოფს. ელემენტებით შესაძლებელია როგორც საყრდენი კედლის სიბრტყეების, ასევე გადახურვებისა და მათი მზიდი სვეტების კონსტრუირება.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განმარტავენ, არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესოა კონსტრუქცია იმის გამო, რომ ის ნებისმიერი კომპოზიციის აწყობის შესაძლებლობას იძლევა და შეიძლება არასდროს განმეორდეს, თუმცა მისი ცნობადობა და უნიკალურობა გარანტირებული იქნება. ამრიგად, ამ ელემენტებით აშენებული ყოველი პავილიონი უნიკატს წარმოადგენს. ამ გაჩერებებს სხვებისგან განასხვავებს ფორმების სიმარტივე. ის გზის პირას დგას და სავარაუდოდ ერთადერთია, რომელიც თავის პირვანდელ ფუნქციას ჯერ კიდევ ასრულებს.

სააგენტოში არნიშნავენ, რომ ამ პავილიონებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისსტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებების გამო: 1. გიორგი ჩახავა საქართველოს ყოფილი გზების სამინისტროს, ამჟამად კი საქართველოს ბანკის სათაო შენობის თანაავტორი და ქართული საბჭოთა მოდერნიზმის ერთ-ერთი იშვიათი წარმომადგენელია, რომლის სახელიც მთელს მსოფლიოშია ცნობილი. ასეთი სახელოვანი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ავტობუსის გაჩერება მისი პრაქტიკული დანიშნულების გარდა, ტურისტულ პოტენციალსაც შეიცავს და ბორჯომი–ხაშურის ტურისტულ რუკაზე შეიძლება იქნეს დატანილი. 2. გიორგი ჩახავას მიერ აშენებული სხვადასხვა კონსტრუქციის პავილიონების უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია, გაურკვეველია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული პავილიონების ბედი, ამიტომ აუცილებელია შევინარჩუნოთ ყოველი შემორჩენილი ობიექტი. გიორგი ჩახავას მიერ რკინა-ბეტონის ელემნტებით აშენებული არც ერთი პავილიონი აღარ არის შემორჩენილი. 3. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული 1970-იანი წლების საბჭოთა მოდერნიზმის ნიმუშები, კერძოდ მცირე არქიტექტურული ფორმები, მათ შორის გაჩერებები სულ უფრო მეტად პოპულარული და არქიტექტურული თუ ეპოქალური თვალსაზრისით დასაცავი ფასეულობა ხდება. ამას მოწმობს არაერთი ფოტო გამოფენა და პუბლიკაცია, რომელთა შორის გამოირჩევა ამერიკელი ფოტოხელოვანის კრისტოფერ ჰერვიგის სქელტანიანი წიგნი "საბჭოთა ავტობუსის გაჩერებები" (Christopher Herwig, Soviet Bus Stops, 2015), სადაც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული გაჩერებებიც, მათ შორის გიორგი ჩახავას ნამუშევრებიც არის შესული. 

www.travelingeoria.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.