ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა ფასი აქვს სიმშვიდეს?
21 ივლისი, 2017

ქართული რეალობიდან გამომდინარე უმეტესობა სასტუმროებისა თვითმარქვია ვარსკვლავური დონისაა. საიტებზე უამრავი შემოთავაზება და ფოტო დევს ახალგახსნილი თუ ხანდაზმული სასტუმრო ნომრებისა კაშკაშა 3 და 4 ვარსკვლავით. მოტყუებული და იმდგაცრუებული სტუმრები კი არ იშურებენ შენიშვნების დატოვებას. მართალია გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ დავობენ კომფორტზე, გარემოზე და სიმშვიდეზე!

და რა ხდება სინამდვილეში? – სრული ქაოსი! არა სტანდარტის, არა ვიზუალისა და არა კომფორტის დაცვა!

რადგან რჩევები გემოვნებაზე შეიძლება  ჩვენს სუბიექტურ აზრს გამოხატავდეს, ამიტომ გთავაზობთ რჩევებს კომფორტისა და სიმშვიდის გასაზრდელად.

კომფორტი

1.      ძირითადი მიზეზი, რისთვისაც სტუმარი მოდის თქვენთან – ეს არის ღამის გათევა. დაახვედრეთ მათ კომფორტული მატრასი, რომლის მონაცემები იქნება არანაკლები – ჯიბეებიანი ზამბარები, ხარისხიანი ღრუბელი, მატრასის სიმაღლე არანაკლებ 25-26 სმ!!! მიუხედავად ორთოპედების რჩევისა – მყარი და მაგარი მატრასი ხერხემლისთვის უკეთესიაო (ეს რჩევა სახლში გამოგადგებათ ) – რამოდენიმე დღე ფუმფულა მატრაზე წოლა ვის არ მოეწონება! არ დაგავიწყდეთ მატრასის დამცავი – იგი რამოდენიმე ფუნქციას ასრულებს –

·         იცავს მატრასის ზედაპირს ლაქებისა და სისველისგან;

·         იცავს თავად მატრასს;

·         იოლად ირეცხება;

·         ორი მარტასის შეერთებისას გადაბმის ადგილს მეტად შეუმჩნეველს ხდის; 

2.      დაახვედრეთ სტუმრებს დილის ტუალეტის მოწყობილობები, ერთჯერადი ჩუსტები და სახის  ფაფუკი პირსახოცები. განსაკუთრებით არასასიამოვნოა აბაზანიდან გადმოსვლისას ცივ იატაკზე ფეხშველა დადგომა – დაახვედრეთ მათ სპეციალური იატაკის პირსახოცი;

3.      ფარდები დაკიდეთ არა დეკორატიული, არამედ ფუნქციონალური – მზის სხივების შემაკავებელი (blackout); დროის ცვლილების გამო ბევრ სტუმარს შუადღემდე უწევს ძილი, შესაბამისად სჭირდება ოთახის ჩამობნელება – ამიტომ მათ დეკორატიული ფარდები მხოლოდ გააღიზიანებს, ფუნქციონალური კი დაეხმარება;

4.      ოთახის გათბობა/კონდეცირება დააყენეთ ავტომატურ რეჟიმზე – არ დაელოდოთ სტუმრის მოსვლას მათ ჩასართველად – თბილ/გრილ ოთახში დაბრუნება ძალიან ესიამოვნება გადაღლილ სტუმარს;  დაახვედრეთ ასევე წყალი;

სიმშვიდე

1.      დამღლელი მგზავრობისა და ღამენათევი ფრენების შემდეგ (თბილისი ხომ მხოლოდ ღამის რეისებს ღებულობს!) პირველი მოთხოვნა უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე სასტუმროში შესვლისთანავე უჩნდებათ სტუმრებს. შექმენით მშვიდი და კომფორტული გარემო რეცეფციაშივე – შესთავაზეთ სკამი, სასმელი და ღიმილი რეგისტრაციისას. აუცილებელია დავიცვათ მაქსიმალური სიმშვიდე და სიწყნარე რეცეფციაშივე!

2.      ყველა ღონე იხმარეთ, რომ პერსონალმა არ გამოიწვიოთ ხმაური თუნდაც სამსახურებრივ საკითხებზე –  ყველა თემა განხილული უნდა იყოს ოფისში.

3.      კოლიდორში ხმაური ძალიან ხშირად გამხდარა ღამენათევი თუ ახლადჩაძინებული სტუმრების აღშფოთების მიზეზი მთელი მსოფლიოს მაშტაბით, მაგრამ საქართველოში ეს საკითხი უფრო მწვავეა, რადგან ვიზიტორების ძირითადი ნაკადი ღამით მოძრაობს– ან შემოდის და ან გადის (დილის რეისების გამო). რა ვიღონოთ პრობლემის მოსაგვარებლად:

·         იატაკზე დააგეთ რბილი იატაკი სპეციალური ხმის დამხშობი საფენით; – ლამინატი და გრანიტი მათზე სიარულისას ნაბიჯებისა სა ჩემოდნის ბორბლების ხმას აძლიერებს;

·         დაამონტაჟეთ ნაოთხალი კარი რეზინის იზოლატორითა და გაძლიერებული ხმის იზოლაციით – სასტუმროს კარის ხმის იზოლაციის დონე უნდა აღწევდეს მინიმუმ 27-32 dB, საუკეთესო შემთხვევაში 38-42 dB; ნაოთხალი კბილი და რეზინის იზოლატორი კიდევ უფრო აძლიერებს ხმის დახშობას;

·         გამოიყენეთ კარის მალულა ზღურბლიც (მალულა ზღურბლი – თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული მეტალის ზღურბლი, რომელიც კარის დახურვისას იწევა და სრულად ავსებს სიცარიელეს, ხოლო კარის გაღებისას დაბლა ჩადის და არ ჩანს)

·         თუ არსებული კედლები ვერ უზრუნველყოფს საკუთარი საპირფარეშოს ხმის ჩახშობას, გამოიყენეთ ხმისდამხშობი კედლის პანელები – ისინი არამარტო ,,საქმეს შეასრულებენ“, სწორად შერჩეული ფორმები და ფერები ოთახს მეტად ლამაზსა და საინტერესოს გახდის.

 

რჩევები განკუთვნილია ფუნქციონირებადი სასტუმროებისთვის და მიზნად ისახავს დაეხმაროს მათ მინიმალური ძალისხმევით გაზარდონ კმაყოფილი სტუმრების რაოდენობა.  ასევე მათთვისაც, ვინც გეგმავს ახალი სასტუმროს მშენებლობას – თავიდანვე გაითვალისწინეთ სხვისი შეცდომები და რეკომენდაციები.

 

ჩვენი გუნდი მუდამ მზადაა დამატებითი კითხვებისა და რჩევებისათვის

 

გისურვებთ ბევრ მუდმივ სტუმარს!


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.