საავიაციო ნავთის მკვეთრი გაძვირების პირობებში ავიაკომპანიებს ფასების შენარჩუნების რესურსი არ დარჩათ. საწვავის მაღალი ფასის გამო საერთაშორისო რეისებზე მომუშავე კომპანიები მასიურად გეგმავენ ცვლილებას. დაახლოებით ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რა მაჩვენებლით მოიმატებს ფასი, თუმცა საქართველოში შიდა ფრენებზე ეს ცვლილება არ ვრცელდება და ხარჯში სხვაობას კვლავინდებურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებს.
ქართული ავიაკომპანია ,,ეარ ჯორჯიას დამფუძნებელი გიორგი კოდუა ,,კომერსანტთან“ განმარტავს, რომ უკვე ყველა წინაპირობაა, რომ საერთაშორისო რეისები გაძვირდეს და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მალე მოუწევთ.
,,ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტარიფები ძვირდება, შეუქცევადი ტენდენციაა, რაც თვითღირებულების მაღალი ხარჯით არის განპირობებული. აეროპორტის მოსაკრებელი, ე.წ. ტაქსა გაგვიძვირდა, 24 დოლარია, ცოტა ადრე 22 დოლარი ღირდა. მატულობს სხვა ხარჯიც, ჯამურად მგზავრი ხედავს ერთ ტარიფს, მაგრამ დაშლილად რომ წარმოვიდგინოთ, იგი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მათ შორის, საწვავის ფასი ერთ-ერთი მდგენელია. საავიაციო ნავთის 5%-ით გაძვირების შემთხვევაში ტარიფს არ ვეხებით, მაგრამ ამაზე მეტად თუ მოიმატებს ფასი, ხელშეკრულებით გვაქვს შესაძლებლობა, რომ კორექტირება მოვახდინოთ. სხვაობა უკვე 30-40%-ა. ტარიფები იცვლება ჩარტერულ რეისებზეც და ფასების შენარჩუნება უკვე წარმოუდგენელია. ახლა ყველა წინაპირობაა, რომ ბილეთები გაძვირდეს და ასეც მოხდება, აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებას დაახლოებით ერთ კვირაში დავაანონსებთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბილეთებს აძვირებს ყველა ავიაკომპანია, მათ შორის ,,ეარ ჯორჯია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში შიდა ფრენებზე ტარიფები შენარჩუნდება, რაზეც ,,კომერსანტთან“ ,,ნატახტარის აეროდრომის“ მენეჯერი ირინა მღებრიშვილი საუბრობს.
,,ჩვენ სახელმწიფო რეგულირებადი ფასით ვართ წარმოდგენილი. საწვავი ძვირდება და შესაბამისად მატულობს თვითღირებულებაც, მაგრამ ამით ტარიფებს საფრთხე არ ემუქრება. საავიაციო ნავთის გაძვირების ტვირთი ბიუჯეტს აწვება და არა მომხმარებელს, როგორც აქამდე იყო, სფეროს სახელმწიფო ასუბსიდირებს. ამ ეტაპზე დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ ფასი არ იცვლება. პანდემიური პერიოდის მიუხედავად, ,,ნატახტარის აეროდრომი“ სტაბილურად მუშაობს. კერძოდ, სტანდარტულად მაღალი მოთხოვნაა ქუთაისისა და ამბროლაურის მიმართულებაზე, რომელიც დაახლოებით 60-70%-იანი დატვირთვით დაფრინავს, მესტია და ბათუმი 90%-ით არის დატვირთული“, - ამბობს ირინა მღებრიშვილი.
აეროდრომი 30-50 მგზავრიანი თვითმფრინავებს ემსახურება. ნატახტრის აეროდრომიდან ფრენები სრულდება ბათუმის, ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით.
საერთაშორისო რეისებზე ბილეთების ფასის მოსალოდნელ ზრდაზე საუბრობს ,,კომერსანტთან“ ავიაექსპერტი იასე ზაუტაშვილი.
,,საერთაშორისო ფრენებში თვითღირებულების ხარჯი საგრძნობლად გაზრდილია. ამაში 2 მთავარი კომპონენტი ასრულებს გადამწყვეტ როლს: საწვავის ფასი და აეროპორტების მოსაკრებელი, რომელიც გაძვირებულია. შესაბამისად ცვლილება აისახება ტარიფშიც. ქართულ კომპანიებს ამ მხრივ ძალიან უჭირთ. დაახლოებით 20%-ით მაინც გაიზრდება თვითღირებულება და ეს ტარიფზეც აისახება. შიდა ფრენებზე ტარიფი შენარჩუნდება, მაგრამ სახელმწიფო საერთაშორისო რეისების ხარჯს ვერ დაასუბსიდირებს“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ავიაექსპერტი.
ცნობისთვის, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, გასული კვირის ბოლოსთვის საავიაციო ნავთის ფასი წინა კვირასთან შედარებით 2,6%-ით გაიზარდა და ბარელზე $105,7 შეადგინა.
საავიაციო ნავთის ფასების ზრდამ 12 თვეში 77,8% შეადგინა. IATA-ს შეფასებით, 2022 წელს ავიასაწვავის საშუალო ფასი ბარელზე 102,2 დოლარი იქნება – შესაბამისად, ინდუსტრია საწვავში 65 მილიარდ დოლარს გადაიხდის.
რაც შეეხება შიდა ტარიფებს, ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით ბილეთის ღირებულება 90 ლარია. ავიარეისი კვირაში ოთხჯერ სრულდება, ამბროლაურის მიმართულებით ორჯერ და ტარიფი 50 ლარს შეადგენს.
3 წლამდე ბავშვებისთვის ფრენა უფასოა, 3-დან 12 წლამდე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
ეს შეღავათი ვრცელდება თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის ავიარეისზეც, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში სამჯერ სრულდება. ბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის 125 ლარს შეადგენს.
commersant.ge