გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრი ფართოვდება, სტატუსს „ტყემალი“ და "აჯიკა" შეიძენს.
გეოგრაფიული აღნიშვნიოს სტატუსის მისანიჭებლად პროცედურა "საქსტატმა" უკვე დაიწყო. როგორც უწყება განმარტავს, გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ ამ პროდუქტის განსაკუთრებულობა, უნიკალურობა და მაღალი ხარისხი აღიარებული და დადასტურებული იქნება სახელმწიფოს მიერ. პროცედურის თანახმად, ოფიციალური ინფორმაცია, რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ განაცხადის მასალებთან ერთად, გამოქვეყნდება სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში მიმდინარე წლის 10 ივნისს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, საქპატენტში წარმდგენილ სარეგისტრაციო მასალებში აღნიშნულია, რომ „აჯიკა“ აფხაზური წარმომავლობისაა, რაც მისი თავდაპირველი დასახელებითაც „აპირპილ-ჯიკა“ (აფხაზურად – წიწაკიანი მარილი) დასტურდება. კლასიკური აფხაზური „აპირპილ-ჯიკის“ მოსამზადებლად სულ რამდენიმე ინგრედიენტი გამოიყენებოდა. ეს იყო: წითელი ცხარე წიწაკა, მარილი, ნიორი და ხმელი ქინძი. ამჟამად, „აჯიკის“ დამზადებისას ტრადიციულ ინგრედიენტებად მიიჩნევა, ასევე, ნიგოზი და გემოვნებით დამატებული სხვადასხვა სანელებლები და მწვანილები. სპეციფიკაციებში ხაზგასმულია, რომ აჯიკის მდიდარი და უნიკალური არომატი უკავშირდება მისი ინგრედიენტების, კერძოდ, საქართველოში მოყვანილი მწვანილებისა და მათგან დამზადებული სუნელების გამორჩეულ გემურ მახასიათებლებსა და სურნელოვნებას, ასევე, მათი დამუშავების შედეგად მიღებულ ეთერზეთების ინტენსივობას. საგანაცხადო მასალაში პროდუქტის აღწერისა და გეოგრაფიულ არეალთან კავშირის გარდა, მოცემულია მომზადების მეთოდი და ეტაპები, წარმოების გეოგრაფიული არეალი, წარმოშობის დადასტურება და ეტიკეტირება, მათ შორის აფხაზურად: „Аџьыка“ და „Ихьчоу Агеографиатә Дырга“. ამ პროდუქტის „აჯიკის“ სახელწოდებით შემდგომი გავრცელების არეალი სამეგრელო, უფრო მოგვიანებით კი დასავლეთი საქართველო და მთლიანად საქართველოც გახდა. დღეს ეს პროდუქტი ყველა ქართულ სურფაზე გვხვდება.
რაც შეეხება ტყემალს, მას ქართული სუფრის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. ის საქართველოში ნომერ პირველ საწებლადაა აღიარებული და მის გარეშე არ არსებობს ქართული სუფრა. ტყემლის საწებლის ხარისხს მნიშვნელოვნად განაპირობებს ადგილობრივად მოყვანილი ტყემლის, შესაზავებელი მწვანილებისა და სუნელების განსაკუთრებული გემური თვისებები და გამორჩეული არომატი, ასევე, შემზავებლის გამოცდილება და ოსტატობა. დღეს ტყემალი საქართველოს ყველა რეგიონში მზადდება, მაგრამ მის სამშობლოდ დასავლეთ საქართველოა მიჩნეული. საგანაცხადო მასალებში მოცემულია ტყემლის მომზადების მეთოდი, ეტაპები და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.
ტყემლის მომზადების წესი და რეცეპტურა ზეპირსიტყვიერად ან წერილობით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მისი მომზადების ყველაზე უფრო ადრინდელი რეცეპტი წერილობითი სახით გვხვდება ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ბარბარე ჯორჯაძის მიერ შედგენილ წიგნში „ქართული სამზარეულო და საოჯახო სამეურნეო ნაცადნი ცნობანი“, რომელიც 1874 წელს გამოიცა. სპეციფიკაციების თანახმად, ტყემლის საწებლის დასამზადებლად გამოყენებული ტყემალი (ალუჩა, ღოღნაშო და სხვა, გემოვნებით დასამატებელი ხილი), ნიორი, წიწაკა, ნედლი მწვანილი და სუნელები წარმოებული უნდა იყოს მხოლოდ საქართველოში. გამოყენებული ინგრედიენტების, მათი, თანაფარდობისა და მომზადების მეთოდების მიხედვით, ძირითადად, ორი სახის ტყემალი არსებობს: ახალი ტყემალი და ზამთარში შესანახი ტყემალი.
business-partner.ge