ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სამეგრელოში ახალი მრავალმილიონიანი ტურისტული მარშრუტის - "ტობას" ინვესტორებისთვის შეთავაზება მიმდინარეობს
08 მაისი, 2017

სამეგრელოში  ახალი  მრავალმილიონიანი ტურისტული მარშრუტის -  „ტობას" ინვესტორებისთვის შეთავაზება მიმდინარეობს. ამის შესახებ „კომერსანტს" სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს. როგორც ცნობილია, ტურისტული მარშრუტი კურორტ მუხურიდან (ჩხოროწყუს რაიონი) დაიწყება. კონცეფციის მიხედვით იგეგმება ტობას მიმართულებით გზებისა და საბაგიროს მოწყობა.

როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ტობას განვითარების ფარგლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით წელს დაიწყება მუხურიდან ტობამდე მისასვლელი, 6–კილომეტრიანი გზის მშენებლობა. ასევე დაგეგმილია საბაგირო გზის მშენებლობაც. მათი ინფორმაციით, გზის მშენებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ტობას განვითარება საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, ადგილობრივი ხელისუფლება პროექტით ქართველი და უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას გეგმავს. მათი ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს ინვესტორებთან ტობას განვითარების კონცეფციის გაცნობა.

როგორც ცნობილია, მომზადებულია კონცეფცია, თუმცა, რა დაჯდება აღნიშნული ტურისტული მარშრუტის განვითარება, ამაზე გუბერნატორის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის ვერ საუბრობენ. რამდენიმე თვის წინ „კომერსანტთან" გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ წინასწარი გათვლებით პროექტი საკმაოდ მსხვილბიუჯეტიანი, შესაძლოა, რამდენიმე მილიონიანიც იყოს.


სამეგრელოს მაღალმთიანეთში ტობას განვითარების გეგმა დიდი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. გეგმის თანახმად, ტურისტული მარშრუტი კურორტ მუხურიდან დაიწყება და ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრის სიმაღლეზე დამთავრდება, სადაც ტურისტს მყინვარული წარმოშობის 7 ტბის მონახულების შესაძლებლობა ექნება. ტობას განვითარების კონცეფციის ავტორი საქართველოს სპელეოკავშირის წევრი, ფოტოგრაფი რომან თოლორდავაა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, განვითარების გეგმა ხუთ ტობას მოიცავს (დიდღალიშ ტობა, წაქაწყარიშ ტობა, კალაშიშ ტობა, ცაშკიბულიშ ტობავარჩხილი და ჭითაგვალაშ ტობავარჩხილი), ასევე შესაძლებელია დაემატოს 2 ტობა. ტურისტული მარშრუტი კურორტ მუხურიდან დაიწყება და კონცეფციის მიხედვით იგეგმება გზებისა და საბაგიროს მოწყობა ტობას მიმართულებით.

ერთ ტურისტულ მარშუტზე შესაძლებელი იქნება შურუბუმეს მღვიმეს, კანიონის და უიშვიათესი მცენარეების დათვალიერება. განვითარების გეგმაში ასევე შედის მდინარე გვალაშარასა და მის კანიონში სამოყვარულო კანიონის განვითარება.

„ეს მარშრუტი ხელმისაწვდომი იქნება ბავშვებისთვის, მოყვარულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებითვის. პროფესიონალი კანიონიგებისთვის მარშუტის მოწყობა კი მდინარე კირაზალაზეა შესაძლებელი. მდინარე ღუნჯი და მისი ჩანჩქერი კი პირველი დონის კანიონიგისთვის იქნება გათვლილი. ტობას განვითარების გეგმის მიხედვით მდინარე ხობზე რაფტინგისა და კანიონიგის განვითარებაც იგეგმება"-აცხადებენ ადმინისტრაციაში.

დაგეგმილია ტურისტული ბილიკების გაშლა. ტბებიდან შესაძლებელი იქნება სვანეთში, დაბა ხაიშში ან მეორე მხარეს, ეგრისისი ქედის სამხრეთ ნაწილში, კურორტ სკურში გადასვლა. კონცეფციის მიხედვით უნდა გაიწმინდოს და დაიგოს გზები, ასევე მოეწყოს საბაგირო ტობას მიმართულებით.


სამეგრელოს მაღალმთიანეთის განვითარების გეგმაში ასევე შედის ეთნოგრაფიული ტურიზმის განვითარება. ამ მიმართულებისთვის შერჩეულია ნათიფურუს, ლანჯერის, ოხოჯეს, გვამარდას და კალაშარას მეჯოგეთა საზაფხულო სადგომები. ასევე შესაძლებელია სათევზაო და სანადირო ტურიზმის განვითარებაც.

ტობავარჩხილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს. ტბის უდიდესი სიღრმე 35 მეტრია. ტობავარჩხილი - ვერცხლის ტბა მთის გამჭირვალე ტბის საერთო სახელია. ეგრისის ქედზე ამ სახელწოდების სულ 6 ტბაა.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.