ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თორღვას აბანო - მივიწყებული ბალნეო-კლიმატური კურორტი
08 ივნისი, 2022

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, მდინარე სტორის ხეობაში მდებარე  ბულანჩოსწვერის მთის ძირას, კლდიან დაუსრულებელ ნაკადად მოედინება 13 თბილი მინერალური წყარო . ამ ადგილს, სახალხო გმირის, თორღვას, პატივსაცემად - თორღვას აბანოს ეძახიან.   თორღვას აბანოს თავისი ლეგენდა აქვს.  ერთხელ, მტერთან ბრძოლაში დაჭრილი თორღვა, შემთხვევით, კლდიდან გადმოსულ თბილ წყაროს მიადგა, წყალი დალია და  იბანავა კიდეც. თორღვა ჭრილობებისგან განიკურნა. ამის შემდეგ, წყაროს დასაცავად, თორღვას მდინარე სტორის სათავეში ციხე აუგია, წყაროები კი დაჭრილ თანამებრძოლთა სამკურნალოდ გამოუყენებია. ჭრილობების გარდა, თორღვას აბანოს წყალი, კიდევ უამრავ სენს კურნავდა, ალბათ ამიტომაც იყო, რომ  ზაფხულობით, თორღვას აბანოსკენ მიმავალ გზას,  კაცი კაცს ფეხს ვერ აუქცევდა. ამბობენ, წინათ, თორღვას აბანოს  ქისტები და ლეკებიც ხშირად სტუმრობდნენო...

სტორის ხეობის შემდეგ, აბანოს უღელტეხილი იწყება...

გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფი, ასისტენტ-პროფესორი:

თორღვას აბანოს მინერალიზებული წყალი, სამკურნალო წყლების კატეგორიას მიეკუთვნება, პირველ რიგში მკითხველს ამ ტიპის წყლების შესახებ მოვუთხროთ...

მინერალური წყალი საზოგადოებაში, ზოგჯერ ასოცირდება გაზირებულ, დასალევ წყალთან. მინერალურ წყლებს უპირველესად გააჩნიათ სამკურნალო თვისებები, თუმცა სამკურნალო წყლის გადაჭარბებული რაოდენობით და ხშირად მიღებაც კი, მით უფრო როდესაც მას მკურნალობის მიზნით ვიყენებთ, შესაძლოა საზიანო გახდეს ჩვენი ორგანიზმისთვის. არსებობს სამკურნალო წყლები, რომლებიც აუცილებლად სამედიცინო დასკვნების გათვალისწინებითა და ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. რაც შეეხება თერმულ გოგირდოვან მინერალურ წყლებს, საქართველოში ამის არაერთი საბადო გვაქვს. ყველა მათგანს გააჩნია განსხვავებული ფუნქციები და მინერალიზაციისა თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

მინერალიზებული სამკურნალო წყლები, შეიძლება იყოს მიწისქვეშა ან ზედაპირული. სამკურნალო თვისებები კი მინერალურ ნივთიერებათა შემცველობისა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების (ტემპერატურა, რადიაქტიურობა, გოგირდის შემცველობა და სხვა) აქვს.

მინერალური წყლები, ტემპერატურული მაჩვენებლების მიხედვით რამდენიმე ჯგუფად იყოფა,- ძლიერ ცივიდან, -თერმულ და ჰიპერთერმულ მინერალურ წყლებამდე, თუმცა, საზოგადოებისთვის, მაინც უფრო თერმული წყლების შესახებაა ცნობილი...

კატეგორიის მიხედვით არსებობს მინერალური წყლების რამდენიმე ჯგუფი: ძლიერ ცივი-როდესაც წყლის ტემპერატურა 4 გრადუსამდეა; ცივი- 4-იდან 20 გრადუსამდე; თბილი 20-იდან-37 გრადუსამდე; ცხელი( თერმული) 37-იდან 42 გრადუსამდე და ძლიერ ცხელი(ჰიპერთერმული) 42 გრადუსი და მეტი.

საქართველო მდიდარია მინერალური წყლებით. ჩვენს ქვეყანაში 730-ზე მეტი მინერალური წყალი მოიპოვება, რომლებსაც როგორც ბალნეოლოგიური, ასევე სამრეწველო მიზნით იყენებენ. მათი უმრავლესობა თერმული წყლების კატეგორიას მიეკუთვნება. სწორედ ეს განსაზღვრავს საზოგადოებაში მათ მეტად ცნობადობას.

თორღვას აბანოს მინერალურ წყალზე რას გვეტყვით? ამბობენ განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევაო...

ფოტო: მარიამ ხატიაშვილი

ტემპერატურული მაჩვენებლის მიხედვით, თორღვას აბანოც თერმული მინერალური წყლების კატეგორიას მიეკუთვნება. წყლის ტემპერატურა 37 გრადუსია.  წყლის შემადგენლობა და სამედიცინო ჩვენებები შესწავლილი და შეფასებულია და შესაბამისად, სამკურნალო რეკომენდაციაც აქვს, თუმცა, მისი დალევა რეკომენდებული არ არის. წყლის მიღება ხდება მხოლოდ აბაზანების სახით, - შინაგანი კიდურების, ხერხემლის დაავადებების, თუ სხვა სახის  შინაგანი და გარეგანი პათოლოგიების სამკურნალოდ.  ძირითადი სამედიცინო ჩვენებაა: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური ქრონიკული დაავადებები. ეფექტურია ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლით გამოწვეული ჭარბწონიანობის სამკურნალოდაც. წყლის ჰიდროკარბონატული და გოგირდოვანი თვისებები, მინერალური შემადგენლობა, გარკვეული სიფრთხილის დაცვასაც მოითხოვს. არც ისეა, რომ ნებისმიერი ადამიანი თვითნებურად მივიდეს და საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს აბაზანები. ადგილზეც გვხვდება ხალხი, რომლებიც გარკვეულ რეკომენდაციებს უწევენ აბანოში მისულ ადამიანებს, მაგრამ საკურორტო სისტემა არ არის სათანადოდ მოწყობილი, როგორც სხვა ბალნეოლოგიურ კურორტებზე, როგორიცაა საირმე, წყალტუბო თუ სხვა და სხვა. თუკი თორღვას აბანოზე საკურორტო სისტემა სათანადოდ ამუშავდება, - ადამიანს შესაძლებლობა ექნება თავისი დაავადებების შესახებ, წინასწარ მიაწოდოს ადმინისტრაციას ინფორმაცია და ამის შემდეგ დაენიშნოს მკურნალობა, დღეს კარგად ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტებზე წარმატებულადაც შეძლებს ფუნქციონირებას და გაცილებით მეტი ადამიანი ივლის,  რადგან ეს წყალი მართლაც  გამორჩეული მინერალური თვისებებისაა, რაც დაკავშირებულია სიღრმეში საკმაოდ ცხელი წყლების მოძრაობასთან.  შეიძლება გეიზერების (ცხელი წყლის მასა, რომელსაც მიწისქვეშა წყაროები მოულოდნელად ამოტყორცნის) სახით ვიცით ცხელი წყლების მოძრაობა, მაგრამ თორღვას აბანოს მინერალი წყლები მხოლოდ გეიზერების  სახით არ მოძრაობენ, არამედ სხვადასხვა ტიპის მჟავე წყლების სახით, რასაც ემატება წყალში გოგირდის შემცველობა. უხეშად რომ ვთქვათ, სწორედ ეს შემადგენლობა აძლევს მას იმ თვისებას, რომელიც  სხვადასხვა ორგანოს სამკურნალოდ მართლაც განსაკუთრებული ეფექტური. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანმა ბალნეოლოგიური მკურნალობა, წყლის აბაზანები, ექიმის მითითებების გათვალისწინებით, რეგულარულად უნდა მიიღოს. ერთ ჯერზე კი, მინიმუმ ათდღიანი კურსი მაინც უნდა ჩაიტაროს.

წლების განმავლობაში მინერალური წყლების გამოსავალთან ფუნქციონირებდა ბალნეო-კლიმატური კურორტი, სადაც წყლის აბაზანებითა და პასიური კლიმატოთერაპიით სხვადასხვა დაავადებებს მკურნალობდნენ. თორღვას აბანო დაახლოებით 1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სამკურნალო სეზონი ჩვეულებისამებრ, ივნისიდან იწყება და სექტემბრამდე გრძელდება, ადგილზე მცირე სამედიცინო პუნქტიც ფუნქციონირებს, თუმცა ინფრასტრუქტურა გასამართია. სივრცე ძალიან პატარაა და მკურნალობის მსურველებმა წინასწარ უნდა დაჯავშნონ ადგილები.

თორღვას აბანომდე მისასვლელად, საკმაოდ რთული გზის გავლაცაა საჭირო. გაუმართავ ინფრასტრუქტურასთან ერთად, ალბათ ეს ფაქტორიც განაპირობებს, რომ ბუნების მართლაც ფასდაუდებელი საჩუქარი, ასეთი უნიკალური  თვისებების მქონდე საკურორტო ადგილი, ნაკლებადაა ცნობილი და ათვისებული...

თორღვას აბანომდე მისასვლელი გზა, ბოლო დასახლებული პუნქტიდან 15 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს, მაგრამ რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საკმაოდ რთული გასავლელია-  მდინარე სტორის ხეობაში, ძალიან ვიწრო კანიონში გადის, რამდენიმე ხევია გასავლელი და გზაც დაზიანებულია. მართალია,  რამდენიმე ადგილზე ჯებირებითაც დაცულია, თუმცა გეოგრაფიული მდებარეობის გამო , ეს მონაკვეთი კვლავაც რთულ  გზად რჩება. ამ გზაზე დაბალი გამავლობის, ერთხიდიანი ტრანსპორტით მოძრაობაც არ არის რეკომენდებული.  ამას ემატება კლიმატური პირობებიც, ნალექების რაოდენობა 1500 მილიმეტრია და ხშირად თოვლის და თავსხმა წვიმის სახითაც მოდის, ამიტომ, მნიშვნელოვანია შესაბამისი ამინდის და მშრალი დღის გათვალისწინებაც.

იმედს ვიტოვებ, ეს პრობლემები მოგვარდება. ასეთი რელიეფის პირობებში, მსოფლიოში არაერთი კურორტი გვხვდება და აქაც შეიძლება გაკეთდეს კლდოვანი სისტემის ნაგებობები, მაღალი სართულები და გაცილებით მეტმა ადამიანმა შეძლოს ამ მართლაც უნიკალური შემადგენლობებით მდიდარი წყლით  და კურორტით სარგებლობა, მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება  მისასვლელი გზა და კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა.

ავტორი: შორენა  მერკვილაძე


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.