ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
12000 ლარიანი ჯარიმა სიღნაღის ისტორიული გალავნის დამახინჯებისთვის
12 ოქტომბერი, 2018

სიღნაღის ისტორიული გალავნის კარიბჭის იესრსახის ხელყოფისთვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია და ძეგლზე ფიზიკური სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია „ინსტალ +“ -ი 12000-12000 ლარით დაჯარიმდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაზღვრა.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განმარტავენ, თვითმმართველი უწყების დაჯარიმების საფუძველი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამშენებლო პროექტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეუთანხმებლად წარმართვა გახდა, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. შპს „ინსტალ +“ თვის დაკისრებული ჯარიმა კი სამშენებლო პროექტიდან გადაცდომამ განსაზღვრა, რომლის მიხედვით კომპანიის თანამშრომლებმა თვითნებურად დააზიანეს გალავნის სხვა (პროექტით გაუთვალისწინებელი) სეგმენტები.

ამავდროულად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარესტავრაციოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას 6 თვიანი ვადა მიეცემა. ამ დროის განმავლობაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ძეგლისთვის კონტრაქტორი კომპანიის მიერ მიყენებული ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს, რაც ისტორიული გალავნის მოცემულ მონაკვეთს სამშენებლო სამუშაოების შედეგად მიადგა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ ასევე უნდა მოამზადოს სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც ძეგლის რესტავრაციის მეთოდოლოგიის განსასაზღვრად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბჭოსთან და დარგის სპეციალისტებთან შეთანხმდება. პროექტის შემუშავებამდე და სააგენტოსთან შეთანხმებამდე სიღნაღის ისტორიულ გალავანზე დაწყებული ყველა სამშენებლო სამუშაო შეჩერდება.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.