14 ოქტომბრიდან Rossiya Airlines-ი თბილისისა და ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს
რუსული ავიაკომპანია Rossiya 14 ოქტომბრიდან მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის საიტზე უკვე განთავსდა.
განრიგის თანახმად, ავიარეისები დღეში ორჯერ შესრულდება: დილის 0.45 საათზე და 9.35 საათზე (მოსკოვის დროით).
ასევე იგეგმება ავიაკომპანიის მიერ ავიარეისების დაწყება ბათუმის მიმართულებით. ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამჯერ განახორციელებს: ოთხშაბათს, შაბათს და კვირას 10:30 საათზე.
თუმცა იმავდროულად, Rossiya Airlines-ის ვებგვერდზე თბილისის და ბათუმის მიმართულებით ფრენების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ იძებნება.
„შესაბამისი ნებართვის მიღების შემთხვევაში, Rossiya Airlines მზად იქნება ფრენები დაიწყოს როგორც ამ, ასევე სხვა მიმართულებებით“, – აცხადებენ ავიაკომპანიის პრესსამსახურში. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა უარი თქვა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე.
შეგახსენებთ, რომ მაისში კიდევ ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ Red Wings-მა მიიღო ნებართვა საქართველოში ფრენისთვის. კომპანია გეგმავდა ფრენების განხორციელებას დომოდედოვო (მოსკოვი) – ქუთაისის, ჟუკოვსკი – თბილისის და სოჭი – თბილისის მარშრუტებზე, ასევე ჩარტერებს რეგიონებიდან. თუმცა, მოგვიანებით ავიაკომპანიამ ფრენების დაწყება გადადო რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს შესაბამისი ნებართვის არარსებობის გამო.
ივლისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ მოსკოვიდან და რუსეთის რეგიონებიდან კვირაში ათობით რეისის შესრულებაზე ნებართვა გასცა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით. პარალელურად Red Wings-მა მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენები დაიწყო. ახლა მის ვებგვერდზე შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები თბილისისკენ სოჭის ტრანსფერით. ასევე ხელმისაწვდომია პირდაპირი რეისები მოსკოვი – ქუთაისი.
როგორც ცნობილია, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის ივლისში შეაჩერა. 2023 წლის 10 მაისს კი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიების საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა.
avianews.ge