ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტრადიცია ახალი ხედვით - ზღვაში დაძველებული ქართული ღვინო
06 დეკემბერი, 2021

განსხვავებული გემოები და არომატები, გეოგრაფიული არეალები და მიკროზონები - უკვე 8 000 წელია, რაც საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია იწერება. თუმცა, ახალი ფურცელი უკვე გადაიშალა, ქვევრი ამფორამ შეცვალა, მიწა კი ზღვამ.

ამ ისტორიას დავით ნიკოლეიშვილი წერს. სპეციალობით ზღვის ეკოლოგს იმდენად უყვარს თავისი საქმე, რომ თბილისი დატოვა და საცხოვრებლად კვარიათში გადავიდა. ამბობს, რომ მისთვის წყალში ყოფნა უფრო ადვილია, ვიდრე ხმელეთზე, შესაბამისად წლებია უკვე დაივინგის ინსტრუქტორია და საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციას ხელმძღვანელობს. ღვინის სპეციალისტი არ არის, თუმცა საქმეში გარკვევა დაიწყო. ჰობი ბიზნესად უნდა იქცეს - მეღვინე მეგობარი ზურაბ ქუმსიაშვილი დღეს ბიზნესპარტნიორია, ერთად იმ საქმის კეთება დაიწყეს, რომელიც ადამიანებს წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ღვინის ზღვაში დაძველება გასული წლის დეკემბერში დაიწყეს. გვიყვება, რომ სასმლის დაძველება ზღვაში 30 მეტრის სიღრმეზე უკეთესად ხდება, ვიდრე ტრადიციულ მარანში.

„წლების წინ, როდესაც მყვინათვებმა წყალქვეშ ძველი ამფორები იპოვეს, იმდენად კარგად იყო შენახული და ღვინოს იმდენად მაღალი გემოვნური თვისებები აღმოაჩნდა, რომ მასზე თავიდანვე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. სწორედ აქედან დაიბადა იდეა. საქმიანობა ექსპერიმენტის დონეზე დავიწყეთ. თავიდან შავ ზღვაში უსაფრთხო ადგილი უნდა შეგვერჩია, ადგილი სადაც გემები არ შემოვიდოდნენ, ბადეს არ ჩაუშვებდნენ და ამფორებს არ დაგვიზიანებენ.

ჩვენი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ღვინოს ამფორაში ვინახავთ, ჭურჭელში, რომელიც სუნთქავს, ამფორები გასანთლულიც კი არ არის. იმის გამო, რომ არამარტო დაძველება, არამედ ნიჟარების მსხმოიარობა მივიღოთ, სხვადასხვა სიღრმეს და ადგილებს ვეძებთ. არის ადგილები, სადაც ნიჟარები ამფორას კარგად ესხმება. იქიდან გამომდინარე, რომ ღვინოს დაბალი ტემპერატურა უყვარს, შესაბამისად წესები თუ არ დავიცავით, ეს ღვინის გემოვნურ თვისებებზე იმოქმედებს“, - ამბობს დავით ნიკოლეიშვილი.

ზურაბ ქუმსიაშვილი და დავით ნიკოლეიშვილი პატარა ყუთებით ღვინის დაძველებას მორჩნენ, ახლა შავ ზღვაში დიდ ყუთებია ჩაშვებული. 10 ლიტრი ხაშმის საფერავი, 10 ლიტრი უსახელოური, 10 ლიტრი რქაწითელი, 10 ლიტრი გურული მწვანე და 70 ლიტრი ოცხანური საფერე მალე ფსკერიდან ხმელეთზე გადმოინაცვლებს. ამბობს, რომ რაოდენობის გაზრდა უნდათ, თუმცა, ჯერჯერობით საკმარისი ფინანსები არ აქვთ. სწორედ ამიტომ ორი მიმართულებით მუშაობენ:

„გვინდა ტერიტორია იჯარით ავიღოთ, მოლაპარაკებებს კონკრეტულ კომპანიასთან, რომელსაც ნებართვა აქვს აღებული, უკვე ვაწარმოებთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ წყალქვეშა ტურიზმი და საზღვაო ფერმერობა განვითარდეს. ასევე ინვესტიციების მოზიდვაზე ვმუშაობთ. სასურველი საინვესტიციო თანხა 300 000 ევროა, ამ თანხით ჩვენს საქმეს ბიზნესის სახე მივცემთ. შევძლებთ, რომ საკმარისი რაოდენობის ამფორები დავამზადოთ, სტრუქტურა ჩამოყალიბდეს და მარკეტინგული კამპანია ვაწარმოოთ. ზოგი დაგვცინის, ზოგი ზემოდან გვიყურებს, მაგრამ წინ მივდივართ. ქართველები ზღვასთან ცხოვრობენ საუკუნეებია, მაგრამ ერთი საერთაშორისო დონის ოკეანოგრაფი არ გვყავს. კვალიფიკაცია არავის აქვს, შესაბამისად, პირველ გზას ჩვენ გავდივართ და ყველა ეკალი ჩვენ გვხვდება“, - გვიყვება დავით ნიკოლეიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არსებული მდგომარეობა არასახარბიელოა, დავით ნიკოლეიშვილს სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. ამის პარალელურად უცხოურ გამოცდილებაზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საზღვაო ფერმერობა ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი გახდება.

„ფასებზე ვმუშაობთ, უცხოურ საიტებზე ღვინის განთავსება უკვე დავიწყეთ და რეაქციებს ვაკვირდებით. ფასი ღვინის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. გვექნება როგორც პრემიალური, ასევე საშუალო დონის ღვინოები. ვფიქრობ, რომ სხვადასხვა სეგმენტზე გავთვალოთ. მინდა წყლის ქვეშ ტურისტული ატრაქციები მოვაწყოთ, სტუმრებს ჩაყვინთვა ვასწავლოთ. ასევე მინდა, რომ წყალქვეშ ღვინის მაღაზია-მუზეუმი გავხსნათ. მარანი მოეწყობა, სადაც ტურისტი ჩაყვინთავს და თავისთვის სასურველ ღვინოს აარჩევს. სამხრეთ ევროპაში, განსაკუთრებით იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ღვინის ზღვაში დაძველება ძალიან განვითარებულია. კომპანიებს თავიანთი ლაბორატორიები აქვთ, დაკვირვებას აწარმოებენ, ჩვენ ეგეთი ფუფუნება ჯერჯერობით არ გვაქვს. ამ ქვეყნებში საზღვაო ფერმერობას მხარს უჭერენ და ისეთი ხელის შემშლელი პირობები, როგორიც საქართველოშია, არ არის“, - თქვა დავით ნიკოლეიშვილმა.

დავით ნიკოლეიშვილი პირველი ქართველია, ვინც იტალიაში ზღვის ფერმერობას სწავლობდა. როგორც  დაივინგის ინსტრუქტორი გვეუბნება, საზღვაო ქვეყანას საზღვაო ფერმერობაში ერთსაუკუნოვანი ჩამორჩენა აქვს. საქართველოს მთავრობას შავი ზღვის აკვატორიის, განსაკუთრებით კი წყალქვეშ არსებული ტერიტორიების გონივრული ათვისებისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, ზუსტად იქ არის დამალული საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყველაზე დიდი პერსპექტივა და პოტენციალიც.

„თუ ხელისუფლება მოგვისმენს, ზღვაზე ბევრ რამეს გავაკეთებთ. არ ვგულისხმობ მხოლოდ ღვინის დაძველებას, სხვა პროექტებიც გვაქვს, რომლებზეც ათობით წელია ვმუშაობ. პროექტი მაქვს დაწერილი, რომელიც უკვე 7 წელია ეკონომიკის სამინისტროში დევს. ეს არის წყალქვეშა პარკის იდეა, პროექტის განხორციელებას ხელი მნიშვნელოვნად პანდემიამ შეუშალა.

რამდენიმე პრემიერს მივწერე იმის შესახებ, რომ ზღვის განვითარების სააგენტო ჩამოყალიბდეს. საზღვაო ქვეყანა, რომელიც მდინარეებით და ტბებითაა სავსე, თევზის იმპორტიორია. სომხეთს თევზის მოშენებით ჩვენზე უფრო დიდ შემოსავალი აქვს. ეს იმის ბრალია, რომ ყველა გაუგებარი ეკონომიკური პოლიტიკით მოდის - ჯერ მთავრობაში ხვდებიან, ხოლო შემდეგ ფიქრობენ რა გააკეთონ. წინასწარ ჩამოყალიბებული ხედვა, პროგრამა სამწუხაროდ არც მთავრობას და არც ოპოზიციას არ აქვს. მოსახლეობა არ უყურებს, ვინ რა ხედვით მოდის, ისინი სახელებს ირჩევენ, შედეგიც შესაბამისი გვაქვს. ქვეყანას სახელები მართავენ და არა პროგრამები. ჩემი ერთი გაყიდული ამფორაც ადასტურებს იმას, თუ რამხელა პოტენციალი იმალება ზღვაში“, - განაცხადა დავით ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, წლები გადის, ხოლო საქართველო საკუთარ პოტენციალს ვერც ხმელეთზე და ვერც ზღვაში ვერ იყენებს, საქართველოს მთავრობაში არ იციან დარგი როგორ უნდა განვითარდეს. ამბობს, რომ ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს აკვაკულტურის განვითარების პროგრამა, თემა საკანონმდებლო დონზე განხილულიც კი არ არის შესაბამისად, არ მუშაობს არც სადაზღვევო სისტემა.

„ზელანდიას მხოლოდ მიდიების მოშენებით შემოსავალი 3 მილიარდი დოლარი აქვს, საქართველოს  — საზღვაო ქვეყანას ერთი მილიონი დოლარი არ უნდა ჰქონდეს? საქართველოში რამდენი ძვირფასი სახეობაა? დაწყებული ზუთხით, დამთავრებული ორაგულით. საუბარია ასობით მილიონი ლარის შემოსავალზე, რისთვისაც კომპლექსური მუშაობაა საჭირო. ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ზღვა ზემოთ ღელვას, მაგრამ ტექნოლოგიებს თუ სწორად შევარჩევთ, ქვევით შეგიძლია დაჯდე და წიგნი წაიკითხო.

ქვეყანაში მარტო ტურიზმი განვითარდა, სტუმარ-მასპინძლობის განვითარება ცუდი კი არ არის, მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა პანდემიით სწორედ ტურიზმმა მიიღო. მეთევზეობა რომ ყოფილიყო განვითარებული, მდგომარეობა შედარებით განსხვავებული იქნებოდა. თევზის საწარმოები უპრობლემოდ იმუშავებდა, რადგან თევზს ყველა ყიდულობს. 2019 წლის მონაცემებით, ბათუმის თევზის ბაზარზე 20 ტონა მარტო მიდიები გაიყიდა“, - ამბობს დავით ნიკოლეიშვილი. 

ახალი სიტყვა მეღვინეობაში უკვე ითქვა, პირველი ბოთლიც გაყიდულია. ახლა დროა, ინოვაციური იდეით, როგორც ბიზნესი ასევე სამთავრობო უწყებები დაინტერესდნენ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.