ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტრამვაი, თუ მიწისზედა მეტრო? – თბილისის გენგეგმის ავტორის რჩევა მერიას
19 აპრილი, 2019

როგორც BM.GE–ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ტენდერის ღირებულება $1.9 მლნ–ია, რაც სატენდერო წინადადებებიდან გამომდინარე შესაძლოა, შემცირდეს.

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ათი თვის განმავლობაში უნდა მოამზადოს.

“გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა რაიონებში, რათა დადგინდეს სად არის ტრანსპორტის ნაკლებობა და ამ მიმართულებით რისი გაკეთებაა საჭირო. შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე სერიოზული მოსაზრება არსებობს. შესაბამისად, კვლევა გვაჩვენებს ყველაფერს, თუ როგორ შეიძლება ამ მხრივ განვვითარდეთ. რამდენიმე კვირაში უკვე დაიწყება კვლევა და ძალიან მალე სრული სურათი გვექნება”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ამ სატრანსპორტო გეგმაზე საუბრისას.

სატრანსპორტო საკითხებს თბილისის ახალ გენერალურ გეგმაშიც ეთმობა ადგილი, ამიტომ BM.GE მის თანაავტორს მერაბ ბოლქვაძეს დაუკავშირდა. ქალაქმგეგმარებელი აღნიშნავს, რომ გენგეგმა თბილისის მთავრობას სამი სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას სთავაზობს – დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, შემდეგ უნივერსიტეტიდან, ილია ჭავჭავაძის გამზირის გავლით, ორთაჭალის ავტოსადგურისკენ და კიდევ ერთი, წერეთლის გამზირის გასწვრივ.

მერაბ ბოლქვაძის აზრით, ამ კორიდორებიდან ერთიც რომ განვითარდეს და იქ ელექტროავტობუსი, ან ტრამვაი დაინიშნოს, უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხარდაჭერის და ქალაქის სატრანსპორტო სქემის განახლებისთვის.

რაც შეეხება კონკრეტულად დიდი დიღმის მიმართულებას, გენგეგმის ავტორის განმარტებით, მეტროს ხაზის მშენებლობა ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ აქ ტრამვაის დანიშვნა უმჯობესია.

“ტრამვაის სამჯერ მეტი მგზავრი გადაყავს, ვიდრე ავტობუსს, ამიტომ ტრამვაი გაცილებით უკეთესი ტრანსპორტია, ეკოლოგიურად სუფთა. ბევრმა ქალაქმა გადადგა ასეთი ნაბიჯი და საკმაოდ კარგი შედეგებია ამ ქალაქებში, ამიტომ თბილისისთვისაც ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი ტრანსპორტი, თუმცა კორიდორი რომ შეირჩევა, შემდეგ კონკრეტული პროექტი უნდა შედგეს – გაჩერებები რა სიხშირით, რა არეალებში მოეწყოს და ა.შ. ამის შემდეგ უკვე განხორციელებაზე უნდა იფიქროს ქალაქმა.

მეტრო ძალიან ძვირია. ტრამვაის მიმართულებით გზა, ჩვენ კი არა, გაცილებით უფრო მდიდარმა ქალაქებმა აირჩიეს და შეიძლება, თბილისმაც ერთ კორიდორში, პილოტირების დონეზე გააკეთოს. აქ გამოჩნდება უპირატესობები, მაგრამ რაკი ბევრმა ევროპულმა ქალაქმა ეს გზა გაიარა, ალბათ თბილისისთვისაც კარგი იქნება.

შეიძლება ეს იყოს “თბილისის ტრამვაი”, თავისი დიზაინით, კონკრეტულად თბილისისთვის შექმნილი, ისევე როგორც ეს აქვს სტრასბურგს, ბორდოს, ფრანკფურტს, სხვადასხვა ევროპულ ქალაქებს. მათ განსაკუთრებული იერი და დიზაინი აქვთ”, – აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ფრანგულმა კომპანიამ “სისტრა” ტრამვაის ერთი, 14–კილომეტრიანი ხაზის დასაგეგმად კვლევა ჩაატარა. “სისტრას” მიერ შემოთავაზებული პროექტის თანახმად, თბილისის ახალი ტრამვაის პირველ ხაზს რუსთაველზე და სხვა ცენტრალურ გამზირებზე უნდა გაევლო, კერძოდ მარშრუტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან იწყებოდა და ორთაჭალის ავტოსადგურთან მთავრდებოდა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.