ტრანსპორტირების მარშრუტის ცვლილების და ფასის ზრდის გამო, უცხოეთში ქართული ღვინო გაძვირდება - ზურაბ რამაზაშვილი
რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ქართველი ღვინის ექსპორტიორებისთვის პროდუქციის მიწოდების მარშრუტი გაზარდა, რაც შესაბამისად ფასზეც მოახდენს გავლენას და ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირდება.
,,თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ თუ ადრე ქართველ მეღვინეებს რუსეთის გავლით, ანუ უფრო მოკლე გზით უწვდათ უცხოეთში ღვინის გატანა, არსებულ ვითარებაში მარშრუტმა ევროპაში გადაინაცვლა, რამაც ტრანსპორტირების ხარჯები გაზარდა.
„საომარი მოქმედებების გამო გადატვირთვები შეჩერებულია ან ძალიან შენელებულად მიმდინარეობს. უკრაინის მიმართულებით გზა ძალიან გაძვირდა, რადგან შემოვლითი გზით გვიწევს პროდუქციის მიწოდება, პირდაპირი მიმართულება აღარ არსებობს. თუმცა არა მარტო უკრაინის შემთხვევაში, გზა გაძვირდა ყველა მიმართულებით, რადგან ადრე უმეტეს შემთხვევაში რუსეთის გავლით ხდებოდა ქართული ღვინის ტრანსპორტირება, ეს ყველაზე მოკლე გზა იყო როგორც პოლონეთისკენ ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ. ახლა ეს ძველი მარშრუტი აღარ არის, ევროპის გავლით გვიწევს გადაზიდვა და შესაბამისად ტრანსპორტირება გაძვირდა. საბოლოოდ უცხოელი მომხმარებლისთვის ქართული ღვინის გაძვირდება, რადგან ჩვენ მართალია აქ არ შეგვიცვლია ფასები, თუმცა გზის ღირებულებას მყიდველი იხდის და შესაბამისად ადგილზე ჩასული ღვინის ფასი გაიზრდება. კონკრეტულად რამდენით და როდის მოიმატებს, ამაზე საუბარი ჯერ რთულია“, — აღნიშნავს ზურაბ რამაზაშვილი.
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ ზომები წინასწარ მიიღეს და ომის დაწყებამდეც შეაჩერეს გადაზიდვები რუსეთის და უკრაინის მიმართულებით. მისი ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის წილი ჯამურად მთელი წარმოების დაახლოებით 25%-ს შეადგენდა.
,,ომია და მაქსიმალურად გვაქვს ჩვენი რისკები გათვლილი. უკრაინა ისედაც გასაგებია, მაგრამ ღვინო ვერც რუსეთში შეგვაქვს. ვაკვირდებით მდგომარეობას, დაველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენთვის რუსეთს დიდი წილი არ უჭირავს, რაც ნიშნავს, რომ ალტერნატივა გვაქვს. ცხადია, დანაკარგი იქნება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის რუსეთს არ უჭირავს პირველი ადგილი და არც უკრაინის ბაზარია გადამწყვეტი, ჯერჯერობით სერიოზული ზარალს არ განვიცდით“, - ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე ანუ 2021 წელს საქართველოდან 107 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რომლიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 250 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წელს, როგორც სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რუსეთის ბაზარზე 62 115 759 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა (131 მლნ აშშ დოლარი), რაც მთლიანი ექსპორტის 58%-ს შეადგენს. იგივე მონაცემმა უკრაინის შემთხვევაში 12 921 321 ბოთლი შეადგინა (25 მლნ აშშ დოლარი), რაც მთლიანი ღვინის ექსპორტის 10%-ია.
commersant.ge