მფრინავი ტაქსები, ერთრელსიანი საჰაერო რკინიგზა, საბაგირო, ტრამვაი, მცირე ზომის ელექტრომობილები და სკუტერები – მსოფლიო ქალაქებში მოძრაობის განტვირთვისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის ტრანსპორტის ალტერნატიულ სახეობებს ტესტავს და ნერგავს.
პრიორიტეტი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს ენიჭება. მომავალი სწრაფი და განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტისაა.
საინტერესოა, ტრანსპორტის რა ალტერნატივები არსებობს, რომელიც თბილისშიც შეიძლება დაინერგოს და მოძრაობა განტვირთოს. ეს შეიძლება იყოს ტრამვაის აღდგენა, მეტროს ახალი ხაზების გაყვანა, საბაგირო გზების განვითარება, ასევე, ველოსიპედებისა და ელექტროსკუტერების უფრო ფართოდ დანერგვა.
არის კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილებაც – მიწისზედა, საჰაერო მეტრო. სწრაფი სარკინიგზო ხაზები ძირითადად ესტაკადებზე გადის. მიწისზედა ხიდურ ნაგებობაზე კი მოძრაობა დამოუკიდებელ ხაზზეა. ასეთი ტრანსპორტის მთავარი მიმზიდველობა კი, იმაშია, რომ ესტაკადის ქვეშ მდებარე სივრცეს სხვა ტრანსპორტი გამოიყენებს და ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმოძრავებენ.
ერთრელსიანი რკინიგზა
ერთრელსიანი რკინიგზა მსოფლიოსთვის სიახლე ნამდვილად არ არის, თუმცა, თბილისში მოძრაობის განტვირთვისთვის შესაძლოა, ერთ–ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს.
ასეთი ერთრელსიანი საჰაერო სარკინიგზო ხაზი გერმანიის ქალაქ ვუპერტალში ჯერ კიდევ 1901 წელს გაიხსნა. სარკინიგზო ხაზის მშენებლობისთვის მაშინ 16 მილიონი მარკა დაიხარჯა. ეს იმ დროს $4.2 მილიონს, ხოლო დღევანდელი კურსით $110 მილიონს უდრის. საჰაერო რკინიგზა დღემდე მუშაობს და 20 სადგურს აკავშირებს.
ვუპერტალი გამონაკლისი არ არის. ე.წ Sky Train ფუნქციონირებს გერმანიის ქალაქებში – დუსელდორფსა და დორტმუნდში. ორივე ქალაქში სისტემა უპილოტოა, სრულად ავტომატიზებული. მატარებელს 50 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.
დუსელდორფში სარკინიგზო ხაზი 1975 წელს გაიხსნა. მისი მშენებლობა იმ დროისათვის 22 მილიონი მარკა, ანუ 11.5 მილიონი ევრო დაჯდა. სისტემა Siemens–ის მიერ იყო შემუშავებული. დორტმუნდში საჰაერო რკინიგზა 1984 წელს აშენდა. თავდაპირველად, რკინიგზა დორტმუნდის უნივერსიტეტის მხოლოდ 2 კამპუსს აკავშირებდა, მოგვიანებით კი, ქსელი გაფართოვდა. პროექტის თავდაპირველი ბიუჯეტი 24 მილიონი მარკა, ანუ 12.2 მილიონი ევრო იყო.
ერთრელსიანი სწრაფი სარკინიგზო ტრანსპორტი მოძრაობს კორეაში, იაპონიაში, ჩინეთში, ბრაზილიაში.
2021 წელს ჩინეთმა საჰაერო რკინიგზის ახალი პროექტი წარადგინა. ეს იქნება პირველი პანორამული მატარებელი მინის იატაკით. მატარებელი უპილოტოა და გადაადგილებისთვის ლითიუმის ბატარეას იყენებს. ტრანსპორტი განსაკუთრებით მიმზიდველია ტურისტული მარშრუტებისთვის.
საჰაერო ტაქსი
სულ მალე მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში საჰაერო ტაქსების სერვისი დაინერგება. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანული სტარტაპი Volocopter იაპონიაში მფრინავი ტაქსის ტესტირებას 2023 წელს დაიწყებს. მომდევნო წლებში eVTOL VoloCity სინგაპურშიც გამოჩნდება, შემდეგ კი – აზიის, ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე. ამ მოწყობილობას აფრენა და დაჯდომა ვერტიკალურ მდგომარეობაში შეეძლება.
რა ტიპის ტრანსპორტი იქნება თბილისისთვის უმჯობესი, ეს სატრანსპორტო პოლიტიკის სტრატეგიულმა დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს. დოკუმენტი მზად რამდენიმე თვეში იქნება. გეგმის მიხედვით, 2023 წლამდე უნდა დასრულდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება და ძირითადი მარშრუტების დანერგვა. ამის შედეგ გამოჩნდება, სად რა ტიპის ტრანსპორტის დამატებაა სასურველი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგოს ტრანსპორტი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით იქმნება. ასეთ პროდუქტს უკვე ბევრი კომპანია ქმნის. დღეს, საქართველოში თანამედროვე ტიპის საბაგირო გზები მხოლოდ ზამთრის კურორტებზე გაჰყავთ. ქალაქებშიც უნდა დაიწყოს ისეთი სახეობის ტრანსპორტის განვითარება, რომელსაც არავითარი შეხება არ აქვს ავტომობილებთან. ასეთ განვითარებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. შესაძლოა, ეს იყოს ტრამვაი ან საჰაერო სარკინიგზო გზები. შესაძლებელია, გარეუბნების დაკავშირება, შეიქმნას ე.წ. წრიული ხაზი“, – ამბობს გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა.
მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის დიდი ინვესტიციებია საჭირო. ეს ალბათ მთავარი ფაქტორია, რის გამოც მათი განხორციელება ვერ იწყება.
გელა კვაშილავა განმარტავს, რომ პირველი რიგის ამოცანა არსებული მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებაა. ამიტომ ინვესტიციები ავტობუსების პარკისა და მეტროს განახლებაზე, პარკირების სისტემის მოწყობასა და ტაქსების რეფორმაზე უნდა იყოს მიმართული.
„მგზავრობის გადასახადი ვერ გაიზრდება, ამიტომ ახალი ტრანსპორტის განვითარებისთვის ინვესტიციები თავის თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს. ამასთან, ეტაპებია გასავლელი – არსებული სისტემა უნდა მოაწესრიგო, რომ სიახლეების დანერგვაზე იზრუნო. დღეს მსოფლიო აქცენტს ენერგოეფექტურ საშუალებებზე აკეთებს. ტესტირებას გადის სხვადასხვა ტექნოლოგია, მაგალითად, წყალბადის გამოყენება ტრანსპორტში. ვფიქრობ, 5-10 წელში ჩვენთანაც გამოჩნდება ამ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ტრანსპორტი“, – ამბობს გელა კვაშილავა.
წყარო: Business Feed