ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თსუ-ს სტუდენტები პრაქტიკას სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გადიან
20 აგვისტო, 2018

თსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის თხუტმეტი სტუდენტი სტაჟირებას „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გადის.

სტაჟირების პროგრამა „საპარტნიორო ფონდსა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს.

სტუდენტები სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ტურიზმის სფეროში სასტუმროს სერვისის მიმართულებით სტაჟირების შემდეგ შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ.

თსუ-სა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალი დონის თეორიულ განათლებას აძლევს, „საპარტნიორო ფონდი“ კი მათ პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს.

ფონდში განმარტავენ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიზანია, მომავალში  ტურიზმის ინდუსტრიაში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდნენ სპეციალისტები, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილება ექნებათ, რაც ამ სექტორში სერვისის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

„კვლევები ცხადყოფს, რომ ამ პროფესიის ადამიანის მაღალი ანაზღაურებით დასაქმების შანსი მაღალია, თუმცა, დაინტერესების მიუხედავად, სტუდენტების დიდმა ნაწილმა ნაკლებად იცის თუ რას სთავაზობს ტურიზმის მიმართულებით მას ადგილობრივი ბაზარი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ 13-დან 27 აგვისტოს ჩათვლით სტაჟირებას გაივლიან. ეს არის მათთვის ახალი შესაძლებლობა და შანსი ამ სფეროში დასაქმების გარანტიისთვის“, - განაცხადა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა ალავერდაშვილმა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.