„თუ არ იშრომებ, ბიზნესიც ვერ იქნება წარმატებული“ – 81 წლის ბიზნესმენის „სამოთხე დედამიწაზე“
1993 წელს, ზუსტად 17 წლის წინ სოფელ ჯუთაში გიგლა არაბულმა სასტუმროს მშენებლობა გადაწყვიტა. მაშინ ამას ადგილობრივები სკეპტიკურად შეხვდნენ – ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე სოფელში სასტუმროს აშენება და ფუნქციონირება ვერ წარმოედგინათ, პერსპექტივას ვერ ხედავდნენ. დღეს იქ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სასტუმრო “ჯუთის სახლი”, იგივე - JUTAHOUSE-ია. დამსვენებლები მას ხშირად “დედამიწის სამოთხესაც“ უწოდებენ.
JUTAHOUSE–ის აშენების იდეაზე და დღეს არსებულ პრობლემებზე „კომერსანტი“ მის მფლობელს, ბიზნესმენს გიგლა არაბულს ესაუბრა.
– რატომ გადაწყვიტეთ, რომ სასტუმრო სწორედ ჯუთაში აგეშენებინათ?
- ჯუთაში დავიბადე და წლების განმავლობაში აქ ვცხოვრობდი. შემდეგ განათლების მისაღებად ქალაქში წავედი. პროფესიით მშენებელი ვარ. 1993 წელს დავბრუნდი სოფელში და სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ სასტუმრო ამეშენებინა. მაგრამ ჩემი იდეა სისრულეში მხოლოდ 2013 წელს მოვიყვანე, სწორედ მაშინ მივიღეთ პირველი სტუმარი JUTAHOUSE–ში. სასტუმრო უკვე მე–5 წელია ფუნქციონირებს. სასტუმროში 15 ადამიანია დასაქმებული. ერთდროულად კი 30–35 სტუმრის მიღება შეგვიძლია. სასტუმრო 1–ლი ივნისიდან 1–ელ ოქტომბრამდე მუშაობს.
- როგორ იგებენ მომხმარებლები თქვენი სასტუმროს შესახებ?
- სასტუმროს შესახებ ინფორმაცია გავავრცელეთ სოციალური ქსელით, მშენებლობის პროცესშივე ჩემმა შვილმა შექმნა ფეისბუქ გვერდი, პარალელურად, სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოს დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა.
– როგორია დაინტერესება მომხმარებლის მხრიდან და ვინ არიან თქვენი ძირითადი სტუმრები, ქართველები თუ უცხოელები?
- ძალიან დიდია მოთხოვნა როგორც ადგილობრივების მხრიდან, ასევე უცხოელებისგან. მეტსაც გეტყვით, პირველი ორი წელიწადი ძირითადად უცხოელი ტურისტები გვყავდა. შემდეგ უკვე ქართველებმაც მოიმატა. დღეს უცხოელი და ქართველი ტურისტების რაოდენობა 50/50–ზეა. ყველა ეროვნების ტურისტი გვყავს, მაგრამ ქართველები, ებრაელები, იაპონელები, პოლონელები და უკრაინელები ჭარბობენ.
- თქვენ თქვით, რომ მხოლოდ 4 თვის განმავლობაში მუშაობთ. არადა, ფაქტობრივად, ზამთრის კურორტზე ფუნქციონირებს თქვენი სასტუმრო. რატომ ვერ მუშაობთ ზამთარში, რა გიქმნით პრობლემას?
- ზამთარში, როდესაც თოვლი მოდის, გზა იკეტება და აქ მანქანით გადაადგილება პრაქტიკულად, შეუძლებელია. ფეხითაც რთულია აქ მოსვლა. ექსტრემალები ვერტმფრენით ჩამოდიან და ისევ უკან ბრუნდებიან. გზა არის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი. თუმცა პერსპექტივაში გვაქვს, რომ ზამთარშიც ვიმუშავოთ.
როგორც უცხოელი სპეციალისტები ამბობენ, ჯუთა არის უნიკალური ადგილი, სადაც შეიძლება 8–9 კილომეტრის სიგრძის სასრიალო ტრასის აშენება, თანაც ისეთის, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ექნება. ეს კი იმ შემთხვევაში გაკეთდება, თუ ზამთარში ჯუთამდე მოსასვლელი გზა იქნება. პრობლემატური მხოლოდ 7 კილომეტრია.
–და არ მიმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ გზა გაეკეთებინათ?
– ბევრჯერ მივმართეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ადგილობრივი ხელისუფლება ვერ გააკეთებს, რადგან წლებია საზოგადოებრივი ტუალეტის და მანქანების სადგომის გაკეთებას ვითხოვთ და ის ვერ მოაგვარა.
საერთოდ, სასტუმროს აშენებამ აქაური “კლიმატი“ და მიდგომა შეცვალა. JUTAHOUSE სოფლის სავიზიტო ბარათად იქცა. მაგრამ ვიმეორებ, იმისათვის, რომ ეს ადგილი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს, აუცილებელია, გაკეთდეს მანქანის გასაჩერებელი ადგილი, დაიდგას საზოგადოებრივი ტუალეტები და გაკეთდეს გზა.
ერთ–ერთმა ჩვენმა შვეიცარიელმა სტუმარმა გვითხრა – ჩვენთან არის ბევრი მთაგორიანი ადგილი, მაგრამ მთელი ზამთრის განმავლობაში გვყავს ტურისტები, რადგან მისასვლელი გზები არსებობს და მოწესრიგებულია.
ჯუთა არის პერსპექტიული და დიდი მომავლის მქონე სოფელი. სახელმწიფოს და მის ეკონომიკას ეს ვერ გადაარჩენს, მაგრამ საკუთარ თავს და აქაურებს კი შეუცვლის ცხოვრების პირობებს უკეთესობისკენ.
- თქვენ ახსენეთ, რომ სასტუმროს გახდა ჯუთას სავიზიტო ბარათი და რომ ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის სოფელში. ტურისტების მატებამ თუ დააბრუნა ადგილობრივები სოფელში?
- კი, რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა. ზაფხულში სოფელში 18 ოჯახი ცხოვრობს, ზამთრის სეზონზე კი ნახევარი კვლავ ქალაქში მიდის. ნაწილი ოჯახების მეცხოველეობით არის დაკავებული, ნაწილი კი ტურისტების ცხენებით გასეირნების ბიზნესით. მას შემდეგ, რაც სასტუმრო გაკეთდა, აქ ცხოვრება, მით უფრო, ზაფხულში გაადვილდა. ხალხი საარსებო წყაროს შოულობს. ცხენების ბიზნესი ძალიან პოპულარული გახდა. ვინც დაბრუნდა, ყველა მატერიალურად ფეხზე დადგა.
- როგორია აკეთო ბიზნესი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, სადაც არ არის ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებული, და ამ ბიზნესს ხალხმა დაარქვას „სამოთხე დედამიწაზე“?
- რთულია, მაგრამ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, ადამიანებს კი, ვინც ჩემთან მუშაობენ, აქვთ კარგი საცხოვრებელი პირობები და ხელფასი. ვშრომობ, რომ უკეთესი გახდეს ჯუთა. თუ არ იშრომებ, ბიზნესიც ვერ იქნება წარმატებული.
მსურდა, რომ აქ მცირე ჰესი გაგვეკეთებინა, საიდანაც ელექტროენერგიას არა მარტო ჯუთა, არამედ მიმდებარე სოფლებიც მიიღებდნენ, მაგრამ ვერ გავაკეთე, რადგან ამას სჭირდება ფული, კრედიტს კი ჩემს ასაკში ბანკი არავის აძლევს.
– და არავის მიმართეთ დახმარებისთვის?
– მივმართე ძალიან ბევრს, მაგრამ ყველამ უარი გვითხრა.
– ისევ საქმეზე გკითხავთ, რა არის მთავარი იმისათვის, რომ იყოთ წარმატებული?
– წარმატებისთვის საჭიროა მუხლჩაუხრელი შრომა, საქმის ცოდნა, დიდი ძალისხმევა და ყველაზე მთავარი - საკუთარი თავის რწმენა.
ავტორი: ელზა წიკლაური
commersant.ge