ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„თუ შევძლებ ბანკის ვალის გადახდას, აუცილებლად გადავიფიქრებ სასტუმროს გაყიდვას, იმხელა შრომა მაქვს ამაში ჩადებული“
09 ივლისი, 2021

„თუ შევძლებ ბანკის ვალის გადახდას, აუცილებლად გადავიფიქრებ სასტუმროს გაყიდვას, იმხელა შრომა მაქვს ამაში ჩადებული“ - ამის შესახებ Hotel Mountain Mestia-ს მეპატრონემ ნათია ნაცარაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. სასტუმრო უკვე რამდენიმე თვეა იყიდება, ამის მიზეზი პანდემიით მიყენებული ზარალია. თუმცა, ინვესტორების გამოჩენამდე, მეპატრონემ მუშაობა საკუთარი ძალებით განაახლა.

როგორც ნათია ნაცარაშვილი ამბობს, ბანკის ვალის დასაფარად, ადგილობრივი ტურისტებისგან მიღებული შემოსავლი საკმარისი არ არის. მისი თქმით, ვალს ყოველ გადავადებაზე 60 ათასი ლარი, პროცენტის სახით ემატება, შესაბამისად, სულ უფრო იზრდება რისკი, რომ სასტუმროსთან ერთად, მთელი ქონება დაკარგოს.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ სასტუმრო არ გაიყიდოს, ნათია ნაცარაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ ორი გამოსავალია, პირველი, სახელმწფოს ჩართულობით ბანკთან შუამდგომლობა, რომ ვალის გადავადება პროცენტის დარიცხვის გარეშე მოხდეს და მეორე - უცხოელი ვიზიტორების წყალობით, სასტუმროს მთელი დატვირთვით ამუშავება.

ცნობისთვის, Hotel Mountain Mestia 2,9 მლნ ლარად იყიდება, თუმცა მისი მეპატრონისთვის, ეს უკიდურესი გადაწყვეტილებაა და იმედს იტოვებს, რომ სხვა გამოსავალი მოიძებნება. სასტუმრო 3-სართულიანია და 21 ნომერია განთავსებული. დასაქმებული კი 14 ადგილობრივია.

როგორც ნათია ნაცარაშვილი ამბობს, სასტუმროს ყველაზე მძიმე დარტყმა მესტიის ჩაკეტვამ მიაყენა, ბანკების მიერ გადავადებული სესხების ვადა კი ამოიწურა, შესაბამისად, ახლა კიდევ უფრო გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის გადახდა უწევს.

„ჩვენი ძალებით განვაახლეთ მუშაობა, თუმცა ადგილობრივი ტურისტი ცოტაა და ძალიან მიზერული შემოსავალია. ამასთან, უცხოელი ტურისტები უფრო მაღალშემოსავლიანია, ვიდრე ადგილობრივი. აგვისტოში გვიწევს ბანკის ვალის გადახდა და თუ გაიყიდებოდა, დავფარავდით ამ ვალს. ახლა ალბათ, ისევ გადავადება მოგვიწევს...

თუ შევძლებ ბანკის ვალის გადახდას, აუცილებლად გადავიფიქრებ სასტუმროს გაყიდვას, იმხელა შრომა მაქვს ამაში ჩადებული. უბრალოდ, ბანკის ვალს ყოველ გადავადებაზე, 60 ათასი ლარი, პროცენტის სახით ემატება. ერთი 60 ათასი ლარი უკვე დამატებული მაქვს და კიდევ დამატება, გამოდის, 120 ათას ლარი არაფერში უნდა გადავიხადო. სესხის გაყინვა არ ხდება. ასე რომ, მეზრდება სესხი და არ მინდა სასტუმროს თვითღირებულებას გადააჭარბოს და საბოლოო ჯამში, მთელი ქონება, რომელიც მის მშენებლობაში მაქვს ჩადებული, დავკარგო. ამას ვშიშობთ და მხოლოდ ამის გამო დავდეთ გასაყიდად. თორემ, საერთოდ არ მინდა მისი გასხვისება.

საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, უბრალოდ სესხი გაიყინოს დროებით და დამატებით პროცენტი აღარ დაემატოს. ან თუნდაც, ის რომ, უცხოელი ტურისტები აქტიურად შემოვიდნენ და მუშაობა მთელი დატვირთვით დაიწყოს. ძალიან კარგი იქნებოდა სახელმწიფოს შუამდგომლობა ბანკთან, ჩვენ სუბსიდირებაშიც ვერ მოვხვდით. არ ვიცი, რატომღაც შერჩევით მოხდა. მერე გადაწყდა ის, რომ გადაგვევადებინა , დამატებით ვიღებდი 15 ათას ევრომდე უზრუნველყოფას, სადღაც, 60 ათას ლარამდე გამოდიოდა. ამაზე მოგვაწერინეს ხელი და ახლა აგვისტოში ისევ ახლიდან მიწევს ამ ყველაფრის გაკეთება. სწორედ ამაზე ვნერვიულობ და ამიტომაც მინდოდა გაყიდვა. მეშინია, ისე არ აღმოჩნდეს, საცხოვრებელი, მანქანა, მიწა, ყველაფერი დავკარგო“,- ამბობს ნათია ნაცარაშვილი.

BPN.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.