თუკი ტურიზმი 50%-ით აღდგება, 2021 წელს 5%-იანი ზრდა იქნება, ლარი კი გამყარდება - Galt & Taggart
საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის შესახებ ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, ეკონომიკური აღდგენის ტემპი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა სისწრაფით დაუბრუნდება საქართველოს ტურიზმის სექტორი 2019 წლის მაჩვენებლებს. ორგანიზაციის გათვლებით, თუკი 2021-ში საერთაშორისო ტურიზმი 50%-ით აღდგება, მაშინ ქვეყანა 5%-5.5%-იანი ზრდის მიღწევას შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ზრდა სავარაუდოდ, 3.7% იქნება.
“საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საპარლამენტო არჩევნებმა და მისმა შემდგომმა საპროტესტო ტალღამ, ასევე კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, საქართველოს მთავრობის მიერ ლოქდაუნის ზომების ხელახალმა აღდგენამ.
არსებულ ვითარებაში მთავრობამ წარადგინა ახალი, 1.1-მილიარდიანი პაკეტი, რომელიც დაზარალებული ბიზნესებისა და შინამეურნეობებისთვის დახმარებებს ითვალისწინებს.
2021 წელს ფისკალურ პოლიტიკას კვლავ ექნება გადაწმყვეტი როლი ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის. ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 7.6%-ის დონეზე იგეგმება, ხოლო კაპიტალური ხარჯების მოცულობა 8.1%-ით განისაზღვრება.
ჩვენი შეფასებით, დეფიციტის დაფინანსების გეგმა ლარის სიმყარეს შეუწყობს ხელს, ამასთან, საქართველოს მთავრობა 2021-ში ევრობონდების რეფინანსირება იგეგმება, რაც ამ მხრივ სავალუტო რეზერვების შემცირებას თავიდან აგვაცილებს.
2021 წელს ლარის გაცვლითი კურსის სიმყარის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად ტურიზმის აღდგენის ტემპს მივიჩნევთ. სხვა შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციების განხორციელების პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებაც მიიღოს.
მოველით, რომ თუკი ტურიზმი 2019 წლის 50%-ის დონეზე მაინც აღდგება, მაშინ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-5.5%-ის შუალედში იქნება. ტურიზმის აღდგენის გარეშე კი ვფიქრობთ, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა 3.7% იქნება,”- წერს Galt & Taggart-ი.
ბანკის პროგნოზის თანახმად, ტურისტული შემოდინებების გარეშე, 2021 წელს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 3.3-3.4 ლარის ფარგლებში იქნება. ტურიზმის აღდგენის პირობებში კი ერთი დოლარის ღირებულება 3.1 ლარის დონემდე შემცირდება.
www.bm.ge