„ტურისტები ჩვენგან პასუხს ელოდებიან - როდის მოიხსნება კომენდანტის საათი“ - გიორგი ალადაშვილი
რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის გიორგი ალადაშვილის თქმით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტები მხოლოდ იმიტომ ვერ ჩამოდიან საქართველოში, რომ მათთვის მოგზაურობა ე.წ კომენდანტის საათის პირობებში მიუღებელია. BM.GE-სთან საუბრისას აგრო-ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი ამბობს, რომ დღეს ტრადიციული მიმართულებებიდან სტუმრები მისგან "კომენდანტის საათის" მოხსნის დასტურს ელიან.
„ჩემი მომხმარებლები, რომლებიც ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან გვსტუმრობენ, კომენდანტის საათის დასრულების თარიღს ელოდებიან. მათ გამომგზავრებისთვის ჩემგან მხოლოდ კომენდანტის საათის გაუქმების დასტური სჭირდებათ. ძალიან მარტივია.. როდესაც ტურისტი ამა თუ იმ ქვეყანაში დასასვენებლად ჩადიხარ, 21:00 საათზე სასტუმროში გამოკეტვა მიუღებელია. ერთი მხრივ თუ ჩვენ გზები გახსნილი გვაქვს, რომ ტურისტები ჩამოვიდნენ, მეორე მხრივ, კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათზე იწყება მათთვის ძალიან დიდი პრობლემაა. კონკრეტულად ამ შეზღუდვის მოხსნა, ან მინიმუმ 00:00 საათამდე გადაწევა, ჩვენთვის - მცირე მეწარმეებისთვის და ტურისტებისთვის კარგი იქნება.
ტურისტებისგან დღეს არსებული მოთხოვნა, ჩვენს მოლოდინებს ბევრად აღემატება. ამიტომ მიმაჩნია, რომ კომენდანტის საათის მოხსნა და თავისუფლად გადაადგილების საშუალება, მცირე ბიზნესს ტურისტების მოზიდვის მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რითიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას უფრო მეტს შევმატებთ, რადგან ჩვენი გაზრდილი შემოსავლები, ბიუჯეტში შეტანილ მეტ გადასახადს ნიშნავს“, - განმარტავს გიორგი ალადაშვილი.
შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, უკრაინა, პოლონეთი, მოლდოვა და რუმინეთი - ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ჩამოსულ ტურისტებს რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა ყოველთვის მასპინძლობდა. ამ მხრივ გამონაკლისი, არც წელსაა.
„დაახლოებით 16-კაციანი ჯგუფები ელოდებიან შეზღუდვების შემსუბუქებას, რომ რაც შეიძლება მეტი დრო ჰქონდეთ საქართველოს გასაცნობად. ისინი არამხოლოდ ჩემს მეურნეობას, არამედ სხვადასხვა რეგიონში არსებულ მცირე მეურნეობებსაც მოინახულებენ, რაც სექტორის ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება“, - აღნიშნა აგრო-ტურისტული ობიექტის მფლობელმა.
გიორგი ალადაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ "კომენდანტის საათი" რეგიონში მოქმედ მეურნეობებს საქმიანობის წარმართვის მხრივაც აფერხებს, რადგან მათთვის დედაქალაქში ჩამოსვლისთვის საჭირო დრო კიდევ უფრო შეზღუდულია. ის ამბობს, რომ შეზღუდვა ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაზეც ნეგატიურად აისახება.
„კომენდანტის საათის პირობებში არც ადგილობრივი ტურიზმი მუშაობს. მაგალითისთვის, ჩვენთან ჩამოსული ადგილობრივი ტურისტები იძულებულები ხდებიან, რომ მეურნეობაში ნაკლები დრო გაატარონ და სახლში დასაბრუნებლად, ვთქვათ 17:00 – 18:00 საათზე წავიდნენ, რადგან კომენდანტი 21:00 საათზე იწყება, ის სიამოვნება რაც მოგზაურობიდან უნდა მიიღონ, ჰაერში რჩება.
ამასთან, პირადად ჩემს აგრო-ტურისტულ ობიექტზე ძალიან ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი გადაადგილების შეზღუდვიდან და დედაქალაქში არსებული საცობებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ რამეს ვერ ვასწრებ, რაც მცირე მეწარმეების ფინანსურ მაჩვენებელს ძალიან არტყამს“, - უთხრა BM.GE-ის რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელმა გიორგი ალადაშვილმა.
bm.ge